საგარეო: ქართულმა დელეგაციამ ჟენევაში დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 5-6 დეკემბერს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდს. უწყება გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ქართულმა დელეგაციამ დაგმო ს საოკუპაციო ძალების მიერ გორის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა, “რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო გამოხატულებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას”.
სამინისტროს ცნობით, რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა “კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება” და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვის დროს დატოვეს მოლაპარაკებები.
ჟენევის დისკუსიის დასრულების შემდეგ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
“დისკუსია გაიმართა ორ სამუშაო ჯგუფში: უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. პირველი სამუშაო ჯგუფის ყურადღება რეგიონული უსაფრთხოების აქტუალური საკითხების განხილვას ეხებოდა. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ქართული მხარის მიერ მოწყობილ პროვოკაციებზე, სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ფაქტებზე და სახელმწიფო საზღვრის ხაზის მონიშვნის მნიშვნელობაზე უნებლიე დარღვევების თავიდან ასაცილებლად. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ კვლავ შესთავაზა ქართული მხარეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დელიმიტაციისა და დემარკაციის დასაწყებად”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ შეშფოთებას იწვევს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც განიხილება სერიოზულ გამოწვევად რეგიონული სტაბილურობისთვის და საფრთხედ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისთვის.
ცხინვალის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის პროექტზე მუშაობა ჩიხშია შესული, თუმცა ამ საკვანძო საკითხზე მუშაობა მომავალ დისკუსიაზეც უნდა გაგრძელდეს.
როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის კარნახით, ცხინვალი და სოხუმი მოითხოვენ საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. საქართველოს დელეგაცია რუსეთისგან ითხოვს მსგავსი შეთანხმების დადებას.
ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი მომავალი წლის აპრილშია დაგეგმილი.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.