საგამოძიებო სამსახურმა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე პირთა ჯგუფი ამხილა

საგამოძიებო სამსახურის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე მხილებულია პირთა ჯგუფი.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ოთხი პირის მიმართ, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია ორი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა აზერბაიჯანში გაცემული ნოტარიულად დამოწმებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრის სახელით, თბილისის იუსტიციის სახლში წარადგინეს განცხადება, რომლის საფუძველზეც შეეცადნენ უცხოეთის მოქალაქის სახელზე რეგისტრირებული – თბილისში მდებარე 624 472 ლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთის გასხვისებას, რაც ვერ იქნა მათ მიერ სისრულეში მოყვანილი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 19-180 მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.