საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ორგანიზებით მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა.
ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა. მათ ყურადღება გაამახვილეს ჩართული მხარეების ინფორმირების მნიშვნელობაზე, ისაუბრეს მათ როლზე და საარჩევნო პროცესში პროფესიონალიზმზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობაზე, სადაც ყველა ჩართული მხარე არის ინფორმირებული და მზად არის საკუთარი პასუხისმგებლობის ობიექტურად შესასრულებლად, რაც დემოკრატიული პროცესის გამართულად განხორციელების წინაპირობაა.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება, რომლის მთავარი მონაწილეები პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ინფორმაცია მივაწოდოთ იმ ძირითადი საარჩევნო საკითხების შესახებ, რომელიც უკავშირდება მათი უფლება-მოვალეობების განხორციელებას და სხვადასხვა საარჩევნო სიახლეს. სამუშაო პლატფორმის ფარგლებში ასევე გვაქვს შესაძლებლობა კითხვა-პასუხის ფორმატში გავიაროთ მათთვის საინტერესო ნებისმიერი საკითხი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კენჭისყრის დღეს ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებას“,-აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
„ცესკო და სწავლების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს ჩართულ მხარეებთან. დღეს განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის საკანონმდებლო სიახლეები, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესი, კენჭისყრის დღის პროცედურული ასპექტები, ფოტოვიდეოგადაღების რეგულაციები საარჩევნო უბანზე და ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც მიემართება კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივ მდგომარეობას“, -განაცხადა ნათია ზაალიშვილმა
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსია, მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად მართავს, ქმნის სივრცეს დიალოგისთვის, სადაც შესაძლებელია აქტუალური საკითხების განხილვა. ადმინისტრაცია აწვდის გადამოწმებულ ინფორმაციას ჩართულ მხარეებს, რაც თავის მხრივ ქმნის ღია და ანგარიშვალდებულ გარემოს და ზრდის მათ ინფორმირებულობას, რაც ერთობლიობაში აძლიერებს პროფესიონალიზმზე დაფუძნებულ თანამშრომლობას და უზრუნველყოფს ინფორმაციის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მონაწილისთვის.
საინფორმაციო შეხვედრა 2025 წლის 25 სექტემბერს გაიმართა. მასში მონაწილეობა არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 70-მდე წარმომადგენელმა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია