სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ხელმოწერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანეს.
"კარგად ვიცით თუ როგორ ჭირს საქართველოში ხელმოწერების შეგროვება ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამ გააერთიანა მთელი საქართველო, გააერთიანა ექიმები, მასწავლებლები, ხელოვანები, სპორტსმენები, ყველა საერთოდ და მე ვარ ძალიან ბედნიერი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, რომ ასე წვიმაში, ქარში, ყინვაში იდგნენ რიგებში, რომ ხელი მოეწერათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ასეთი ერთობა და აქტივობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და მიხეილ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია დაამარცხოს ეს უიმედობა, ნიჰილიზმი, უპერსპექტივობა და მან ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან ჩვენი ქვეყანა"- თქვა ჯაფარიძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება 16 თებერვალს დაიწყეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.