რუსულმა „პანცირმა“ ფეოდოსიის ნავთობტერმინალი უკრაინული დრონებისგან ვერ დაიცვა

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ფეოდოსიის პორტში მდებარე ნავთობის ბაზის ტერიტორიას, რომელზეც 7 ოქტომბერს დრონებით შეტევა იყო, 2022 წლის შემოდგომიდან იცავდა საჰაერო თავდაცვის სისტემა „პანცირი-ეს1“. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს თანამგზავრული ფოტოების გამოკვლევის საფუძველზე.
სპეციალურ პოდიუმზე განთავსებული ეს სისტემა ჩანს უკრაინული ტელეგრამ-არხის, „ატეშის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც. თუმცა, „პანცირმა“ ვერ შეძლო ნავთობის ტერმინალზე უკრაინული დრონებით შეტევის მოგერიება.
პირველი ცნობები, რომ ფეოდოსიის პორტის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარია, 7 ოქტომბერს, გამთენიისას, გაავრცელეს ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ ნავთობტერმინალზე დრონებით შეტევა იყო.
ხანძრის გამო ფეოდოსიაში „ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის რეჟიმი“ გამოაცხადეს და პორტისკენ მიმავალი გზები გადაკეტეს.
7 ოქტომბერს, დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ყირიმში ჩამოაგდეს 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
იმავე დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ფეოდოსიის ნავთობტერმინალს დაარტყეს. გენშტაბის განცხადებით, შეტევა წარმატებული იყო.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ხაზი გაუსვა, რომ ფეოდოსიის ტერმინალი ყირიმში ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი უმსხვილესი ობიექტია, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო არმიის საჭიროებებისთვისაც იყენებენ.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის ტერიტორიაზეც სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა