ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული კანონი: ფიზიკური პირი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის 5000 ლარით დაჯარიმდება

რუსული კანონის მიღებული ვერსიის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ფიზიკური პირი 5000 ლარით დააჯარიმოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი საბა ბრაჭველი წერს.
აღნიშნული შესწორება კანონპროექტის მესამე მოსმენისთვის გაჩნდა. აქამდე ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ რუსული კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხებოდა.
როგორც საბა ბრაჭველი აღნიშნავს, ფიზიკური პირი შეიძლება მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის არმიწოდებისთვის დაჯარიმდეს.
"ჯარიმის ან კანონის გასაჩივრება არ შეაჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ან ჯარიმების კიდევ, დამატებით დაკისრებას.
ერთი სიტყვით, ამ კანონით ხელისუფლებას უჩნდება შესაძლებლობა, ნებისმიერი ორგანიზაცია, დონორი, ადამიანი დააჯარიმოს იმდენჯერ და იმდენი ოდენობით, სანამ მისი ანგარიშები სრულად არ დაყადაღდება და ფუნქციონირება/ცხოვრება შეუძლებელი არ გახდება.
ხელისუფლება რომ სიტყვას გატეხდა - ეს ვიცოდით. რუსული კანონი რომ რუსულ თარგზე წავიდოდა და ფიზიკურ პირებს აუცილებლად დაუწესებდა ჯარიმებს - ამასაც ვამბობდით. მაგრამ ისე იჩქარეს, რომ ჯერ არმიღებულ კანონში ჩაწერეს ფიზიკურ პირებზე სანქციები. ეს უტიფრობის სრულიად ახალი მწვერვალია", - აღნიშნავს იურისტი.
მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.