ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული კანონის რეესტრში არ რეგისტრირდება “სახელოვნებო კომპანია” ღია სივრცე

რუსული კანონის რეესტრში არ რეგისტრირდება “სახელოვნებო კომპანია” ღია სივრცე

სახელოვნებო კომპანია “ღია სივრცე”, უარს ამბობს რუსული კანონის შესაბამისად უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციად დარეგისტრირებაზე.
ამის შესახებ მულტიფუნქციურმა სახელოვნებო სივრცემ განცხადება თავად გაავრცელა. როგორც მათ აღნიშნეს, თუ “კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ჰომოფობიური კანონი, “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” ძალაში დარჩება, ღია სივრცე არსებობას ვერ გააგრძელებს.
“ღია სივრცე” არის არასამთავრობო არაკომერციული იურიდიული პირი და მას პირდაპირი წესით ეხება “კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.
“დაარსების დღიდან ჩვენი ყველა დამფუძნებელი, თანამშრომელი თუ თანამოაზრე ვმუშაობთ ქართული სახელოვნებო სცენის განვითარებისთვის. “ღია სივრცე” არასდროს გამდგარა პოლიტიკური პროცესებისგან და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ნამუშევრებით ღიად გამოვხატავდით კრიტიკულ პოზიციას მიმდინარე პროცესებზე და Ხშირად ჩვენივე კეთილდღეობის ფასად ვქმნიდით სივრცეს მნიშვნელოვან საკითხებზე კრიტიკული დისკუსიისთვის. Საკუთარი ძალებით, თანამოაზრეების მხარდაჭერით და ენთუზიაზმით შევძელით, არასდროს წავსულიყავით კომპრომისზე და არასდროს ვყოფილიყავით ვინმეს ინტერესის გამტარი, გარდა იმ საზოგადოებისა, რომელშიც ვცხოვრობთ და რომლის თითოეული წევრის ხმა, სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანი უნდა იყოს, განურჩევლად სქესის, ეროვნების, რელიგიური, სექსუალური თუ გენდერული კუთვნილების და ფიზიკური შესაძლებლობისა. შესაბამისად, სტატუსი “უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია” ჩვენთვის შეურაცხმყოფელი და პრინციპულად მიუღებელია. კანონს არ ვიზიარებთ და პრინციპულად არ ვეთანხმებით და მიუხედავად მოსალოდნელი სირთულეებისა, ღია სივრცე არ რეგისტრირდება და ამით რუსულ კანონს უარს უცხადებს”, – წერია განცხადებაში.
მათი თქმით, 26 ოქტომბრამდე გააჩერეს გრძელვადიანი პროექტები და სტუდენტური პლატფორმები, იმ ფინანსური ვალდებულებების გამო, რაც აღნიშნული პროექტების განხორციელებას უკავშირდება. ახალი სეზონი იმ პროექტებით გახსნეს, რომლებიც უკვე შექმნილი იყო. ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თეატრის თანამშრომლებმა და მსახიობებმა თავად გამოთქვეს სურვილი, არჩევნებამდე ანაზღაურების გარეშე იმუშაონ.
“ჩვენ უარი ვთქვით იმ სტაბილურობასა და შესაძლებლობებზე, რომლისთვისაც ვშრომობდით 8 წლის განმავლობაში და გვჯერა, რომ ეს უშედეგოდ არ ჩაივლის.
ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ “კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ჰომოფობიური კანონი, “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” ძალაში დარჩება, ღია სივრცე არსებობას ვერ გააგრძელებს. და ბოლოს, გვინდა, მხარდაჭერა გამოვხატოთ იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთათვისაც მომდევნო ორი თვე ისეთივე რთული იქნება, როგორიც ჩვენთვის. მხარდაჭერას ვუცხადებთ მათაც, ვინც იძულებული გახდა რუსულ, ღირსების შემლახავ კანონს დამორჩილებოდა. ჩვენთვის ცხადია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების საკეთილდღეოდ და უწევთ კანონზე რეგისტრაცია, არიან ამ კანონის და უსამართლობის მსხვერპლები და არა მოღალატეები ან აგენტები. ასევე, სოლიდარობას ვუცხადებთ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უსამართლოდ დაკავებულ მოქალაქეებს. გვჯერა, რომ ამ რთულ დროში მხოლოდ ერთად ყოფნით, ზრუნვით და პრინციპული წინააღმდეგობით შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი”, – წერია განცხადებაში.
„ღია სივრცე – ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი” არის დამოუკიდებელი სახელოვნებო კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას. ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პროგრამა აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო არტისტებს და ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს, არის ინტერდისციპლინარული და იძლევა ხელოვნების სხვადასხვა დარგში სინთეზურად მუშაობის შესაძლებლობას.
კომპანიის მიზანია აღმოაჩინოს არტისტები და მისცეს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, თვითგამოხატვისა და ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა, შექმნას გარემო სრული შემოქმედებითი თავისუფლებისა და თვითრეალიზების მეთოდების შეუზღუდავობისთვის. ორგანიზაციის ინტერესებშია, რომ მსურველებს შესთავაზოს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამა. მოწვეული ხელოვანები, კურატორები და გალერისტები რეგულარულად ჩაატარებენ ლექციებისა და უორქშოფების სერიებს.
თავად კომპანიის თქმით, მისთვის უპირატესია ხელოვნება, რომელიც პასუხობს იმ სოციალურ თუ პოლიტიკურ ფაქტორებს, რომლებიც აქ და ახლა ჩვენს ცხოვრებაზე აქტიურად ზემოქედებენ.
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
ორგანიზაციებს, რომელთაც რუსული კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ აცხადებს, შეუძლიათ, რომ რეესტრში ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია უარს იტყვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაინც დაარეგისტრირებენ და 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.