რუსი აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი რუსი აქტივისტი, იგორ მიგლანი. ამის შესახებ წერს ორგანიზაცია Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორი, ეგორ კუროპტევი და მიმართავს ხელისუფლებას – კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მიგლანის ქვეყანაში შეშვების თხოვნით.
“ამ დროისთვის, 15 საათზე მეტია, აქტივისტი იგორ მიგლანი თბილისის საერთაშორის აეროპორტშია. იგორი, ისევე, როგორც სხვა ბევრი რუსი აქტივისტი ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს საქართველოში.
იგი საქართველოში კოლეგებთან ერთად მუშაობდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან პროექტზე “ემიგრაცია მოქმედებისთვის”, უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭრად. იგორისა და მთელი გუნდის წყალობით 8 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა მიიღო სამედიცინო დახმარება. ეწინააღმდეგება თუ არა ეს საქართველოს ინტერესებს? დარწმუნებული ვარ, არა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ შექმნილი მსგავსი პროექტები, ისევე, როგორც ლტოლვილთა მხარდაჭერის ინიციატივები არის ის, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, იამაყოს”, – წერს ეგორ კუროპტევი.
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში შემოსვლაზე პერიოდულად უარს ეუბნება, როგორც რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და უფლებადამცველებს, ასევე რუსეთის იმ მოქალქეებს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში ფართმასშტაბიან შეჭრას და კრემლის პოლიტიკას ემხრობიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია