რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და პარლამენტარი ირაკლი შატაკიშვილი მედიათეკაში ახალგაზრდებს შეხვდნენ

რუსთავის მერი , საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი ქართულ-აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსთავის მერმა, მედიათეკის სტუმრებს სპეციალურად ახალგაზრდებისთვის შექმნილ სერვისებზე მიაწოდა ინფორმაცია და ის პროგრამები გააცნო, რომლებიც მათთვის დაიგეგმა და განხორციელდა.
„სამთავრობო და საპარლამენტო გუნდი შეხვედრებს ვაგრძელებთ, ვაჯამებთ წელს, ასევე ვგეგმავთ 2024 წლის ახალ პროექტებს. მედიათეკაში საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდებთან. დღეიდან მათთვის აზერბაიჯანულენოვანი ლიტერატურაც იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თითოეულ ახალგაზრდას აქ, თავისი სივრცე ჰქონდეს და სრული ინტეგრირება შეძლოს. გვაქვს ძალიან კარგი პროექტები, დარწმუნებული ვარ, 2024 წელი კიდევ უფრო შედეგიანი იქნება და ყველა ერთად, კიდევ უფრო მეტი ახალი და საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
ასევე, უწყების ცნობით, დღესვე მედიათეკაში ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის აზერბაიჯანული ლიტერატურის კუთხე გაიხსნა.
„რუსთავის მედიათეკაში ჩვენი ქალაქისათვის და არა მხოლოდ ჩვენი ქალაქისთვის, ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. გაიხსნა კიდევ ერთი ახალი ლიტერატურული კუთხე ჩვენი აზერბაიჯანელი თემის დიდი ჩართულობით. ასევე დღეს, მედიათეკამ უმასპინძლა გლობალურ კამპანიას, რომელიც გაეროს მხარდაჭერით იმართება და გამონაკლისი არც საქართველოა. კამპანია მიმართულია გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ასევე ემსახურება ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიების გატარებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას“, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა.
მედიათეკაში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას, რუსთავის პროკურორი მალხაზ გეწაძეც დაესწრო, რომელმაც გენდერის ნიშნით, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შემცირების მიზნით, პროკურატურის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებებისა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„საქართველოს პროკურატურა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება. მადლობა რუსთავის მერს, რათა საშუალება მოგვცა ამ კამპანიის ფარგლებში, მედიათეკაში შევხვედროდით ახალგაზრდებსა და პედაგოგებს, ასევე დავსწრებოდით აზერბაიჯანული ლიტერატურის ახალი სივრცის გახსნას. გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში დაგეგმილია პროკურორების შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან. ასევე, ჩატარდება ადგილობრივი საბჭოები, რომელთა მიზანია დაზარალებულთა საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა. ამასთან, ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენცია, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება“, – განაცხადა რუსთავის პროკურორმა, მალხაზ გეწაძემ.
ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის გლობალური კამპანია, 25 ნოემბერს დაიწყო და 16 დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის აქტივობას ითვალისწინებს. კამპანია, გაეროს მხარდაჭერით, ყოველწლიურად, მსოფლიოს 187 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც იმართება და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციას ისახავს მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ