რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენი“ მეხუთედ დაჯარიმდა. ამჯერად მიზეზი სამუშაოების შეთანხმებული გრაფიკის დარღვევა გახდა – კომპანიას ქალაქის ცენტრალურ გამზირზე სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში უნდა ეწარმოებინა, თუმცა ადგილზე მუშები უწყვეტად არ მუშაობდნენ.
დარღვევა თბილისის მერიის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რის შემდეგაც კომპანიას მორიგი ჯარიმა დაეკისრა.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის N14-01262081344 წერილით, დაგევალათ ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება 2026 წლის 28 ივლისიდან, 24 საათიან რეჟიმში (ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის შესაბამისად), თუმცა, 2026 წლის 24 აგვისტოს (21:00 საათი) ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები 24- საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა“, – წერია საჯარიმო წერილში.
მიუხედავად სანქციებისა, რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება და ცენტრალური მონაკვეთის ნაწილი ამ დრომდე გადათხრილია. ცნობილია, რომ კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები 100 დღეში უნდა დაასრულოს, თუმცა მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს დათქმულ ვადაში ვერ მოესწრება.
აღნიშნული კომპანია, რა თქმა უნდა, არის “ქართული ოცნების” წიაღიდან, მათთან დაახლოებული პირია. რაც შეეხება მის მუშაობის გრაფიკს, განსაზღვრული არის 100 დღე, ეს არის საგზაო სამუშაოები. 100 დღეში დაამთავრებს იმ შემთხვევაში, თუ იმუშავებს 24 საათის განმავლობაში, რაც მათ კონტრაქტით აქვთ განსაზღვრული. ეს არის უკვე მე-6 ჯარიმა, რომ კომპანიამ ვერ შეძლო 24 საათის განმავლობაში მუშაობა და ეს ეხება კონკრეტულად ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთს. ანუ ჭოველიძიდან რობაქიძის დაღმართამდე, ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი უნდა დაესრულებინა 100 დღეში. ახლა კალაძემ აკიდა ვალდებულება, რომ დაასრულოს 15 სექტემბრამდე და ამის ვალდებულება კომპანიას არ აქვს, ამიტომ 15 სექტემბრამდე რომ მორჩეს, შესაბამისად, მთელი რესურსი გადაიტანა. ეს ჯარიმები გამოწვეულია კალაძის ახირებებით, – ამბობს ბესიკ დონაძე.




