რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული სამივე ტენდერი კიდევ ერთხელ ჩავარდა

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის 28 აპრილს გამოცხადებული სამი ტენდერი უკვე მესამედ ჩავარდა – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. ტენდერების ჩავარდა განაპირობა ფაქტმა, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.

პროექტი სამ მონაკვეთად იყო დაყოფილი და ადგილზე სამუშაოების ჯამური ღირებულება 17 მილიონ ლარს შეადგენდა. უფრო დეტალურად, სარეაბილიტაციო მონაკვეთები ასე ნაწილდებოდა:

  • ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 6 698 384 ლარი;
  • სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“-ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთის სამუშაოებისთვის 4 914 135 ლარი;
  • თ. ჭოველიძის ქუჩიდან – “მერანამდე” მონაკვეთის 5 168 367 ლარი.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ჯერ კიდევ 2025 წელს გეგმავდა, რისთვისაც ოთხი კონტრაქტი გაფორმდა 28 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა გასული წლის მარტში მერიამ ამ სამუშაოების გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მიუთითა, რომ პროექტირება გაგრძელდებოდა და 2026 წლიდან ტენდერები თავიდან გამოცხადდებოდა.

მიმდინარე წლის თებერვალში კიდევ ერთხელ გამოცხადდა შესაბამისი 12.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები, თუმცა მარტში ცნობილი გახდა, რომ ჩაიშალა, ვინაიდან ტენდერებში წინადადებები არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა.

25 მარტს თბილისის ვიცე-მერმა ჩაშლილ ტენდერთან დაკავშირებით BMG-სთან განაცხადა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ახალი ტენდერი გამოცხადდებოდა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის დაწყება მაისის შუა რიცხვებიდან იგეგმება. “ჩვენი გეგმაა, რომ მაისის შუა რიცხვებში სამუშაოები დაიწყოს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი და სექტემბერ-ოქტომბრისთვის, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ეს სამუშაოები უკვე დასრულებული იყოს. ამიტომ, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალი ტენდერი და ის აუცილებლად ჩატარდება”, – აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თითოეული ეს ტენდერი ერთმანეთისგან ღირებულებით მკვეთრად განსხვავდებოდა, რადგან პროექტი თავდაპირველად 28 მილიონი ლარი ღირდა, რის შემდეგაც ტენდერების ჯამური საფასური თებერვალში 12.3 მილიონ ლარამდე შემცირდა, ხოლო 2026 წლის აპრილში გამოცხადებული ტენდერით 17 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ