რამდენიმე დღეა უკრაინელები დრონებით უტევენ რუსეთის უმსხვილეს მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოჯისტიკის ცენტრებს. მათ შორის ქალაქ კრასნოდარში, არმავირში, სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში, მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში.
კომპანიის საწყობებში მასშტაბური ხანძრებია. შეტევა დაადასტურა Wildberries-ის დამფუძნებელმა ტატიანა კიმმა, უკრაინულმა და რუსულმა ტელეგრამარხებმა კი გაავრცელეს თვითმხილველების მიერ გადაღებული მასშტაბური ხანძრების ამსახველი ფოტოები და ვიდეოკადრები.Wildberries-ი 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მისი გამყიდველების წლიურმა ბრუნვამ 2,9 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავს. სწორედ ამ მასშტაბის გამო Wildberries-ი რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოჯისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა რობერტ ბროვდიმ (“მადიარი”) Wildberries-ის საწყობებზე მიტანილი მორიგი იერიშის შემდეგ თავის ტელეგრამარხზე დაწერა, რომ იერიშების მიზანია რუსეთმა ომი იგრძნოს – მისმა ეკონომიკამ და საზოგადოებამ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია Wildberries-თან. “მოსკოვი დაეცემა. ყირიმს კვლავ დავიბრუნებთ და აღვადგენთ”, – დაწერა ბროვდიმ.
იგრძნობს თუ არა ომს მთელი რუსეთი და გამოაცხადებს თუ არა პუტინი შემოდგომაზე საყოველთაო მობილიზაციას, ამ საკითხებზე გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ვესაუბრეთ:
– ეს არის სასაწყობო ცენტრები და არა მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულების. აქ მნიშვნელოვანი ტვირთები შემოდის ჩინეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, სადაც დიდი რაოდენობით არის დეტალები, რომლებიც შემდგომ გამოიყენება დრონების თუ მაღალტექნოლოგიური საბრძოლო სისტემების შესაქმნელად. სასაწყობე ცენტრები, ფაქტობრივად, ნულამდე განადგურდა, არაფერი ეშველება, პლასტიკის და ხელოვნური მასალების ნაგებობებია, ადვილად აალებადი იქ მოთავსებული ტვირთებიანად…. წაიკითხეთ ვრცლად




