რუსეთში ქალებს ბრალი წაუყენეს აქციისთვის, რომლითაც ქმრების და შვილების უკრაინიდან დაბრუნებას ითხოვდნენ

რუსეთში უკანონო საჯარო ღონისძიების გამართვის ბრალდება წაუყენეს სულ მცირე ორ ქალს დაახლოებით 20-მდე ქალიდან, რომლებიც გასულ შაბათ-კვირას თავდაცვის სამინისტროს წინ ითხოვდნენ თავიანთი ქმრების და შვილების უკრაინიდან დაბრუნებას.
ქალები პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს და დაკითხეს, მას შემდეგ, რაც მათ თავიანთი მოთხოვნების შემცველი პლაკატები გაშალეს. ორ მათგანს, ანა ბოგაჩენკოს და ანასტასია სლავიკს ბრალი წაუყენეს - იუწყება OVD-Info, რომელიც აკვირდება ადამიანის უფლებების დარღვევას რუსეთში.
მოსკოვში 21 სექტემბერს გამართული აქცია დაემთხვა თარიღს, როცა ორი წლის წინ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კაცების გაწვევას რუსეთის ოფიციალური ტერმინოლოგიით "საგანგებო სამხედრო ოპერაციისთვის" უკრაინაში.
ქალები ითხოვდნენ შეხვედრას თავდაცვის მინისტრთან, ანდრეი ბელოუსოვთან და თავიანთი ოჯახების წევრების დემობილიზაციას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.