რუსეთში ომის მოწინააღმდეგე აქტივისტს 15 წლით მიუსაჯეს პატიმრობა
რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკში სასამართლომ 3 მაისს ომის მოწინააღმდეგე აქტივისტს, ანგელ ნიკოლაევს, 15 წლით მიუსაჯა პატიმრობა, სამხედრო გაწვევის ცენტრში ხანძრის გაჩენის, რუსეთის დროშის შეურაცხყოფისა და ვანდალიზმის ბრალდებებით.
ნიკოლაევი 2023 წლის ივლისში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან წითელი საღებავი შეასხა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპული რუსი სამხედროების საფლავების თავზე მოფრიალე დროშებს. ნიკოლაევი თავს დამნაშავედ არ ცნობს შეურაცხყოფის და ტერორიზმის ბრალდებებში.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა, ათობით აქტივისტს მიუსაჯეს პატიმრობა სამხედრო გაწვევის ცენტრებზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.