რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული თავდაცვითი პაქტი ავტორიტარული სახელმწიფოების დაახლოებას აჩვენებს - სტოლტენბერგი
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული თავდაცვითი პაქტი აჩვენებს ავტორიტარული სახელმწიფოების მზარდ დაახლოებას და დემოკრატიების მნიშვნელობას, რომლებიც წარმოადგენენ ერთიან ფრონტს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კანადაში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის ფედერაციას „უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალა“ მიაწოდა, ხოლო ჩინეთი და ირანი მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში უჭერენ მხარს.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ავტორიტარული ძალები სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და მხარს უჭერენ ერთმანეთს ისე, როგორც აქამდე არ გვინახავს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რუსეთის ფედერაციასა და აზიის სხვა ქვეყნებს შორის მზარდი დაახლოება ნიშნავს, რომ NATO-სთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ რეგიონში მოკავშირეებთან თანამშრომლობა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.