რუსეთმა ქალაქ ოდესის საცხოვრებელი უბანი დაბომბა – დაშავდა 3 ადამიანი

უკრაინაში, ქალაქ ოდესაზე რუსების დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ.
“მტერმა ოდესის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში საცხოვრებელი უბანი დაბომბა,” – დაწერა ქალაქის მერმა Telegram-ში.
გუბერნატორის, ოლეგ კიპერის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უტარებენ. მისივე ინფორმაციით, ოდესაზე თავდასხმამ საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო დაწესებულება და სატრანსპორტო საშუალებები დააზიანა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თავდასხმის 54 დრონი გაუშვა, რომელთაგან 38 ჩამოაგდეს, 16-მა კი სამიზნეს ვერ მიაღწია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.