რუსეთმა უკრაინას კვლავ დრონებით შეუტია, ტრამპმა დავოსის ფორუმზე იქ მიმდინარე ომი ახსენა

უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა ქვეყნის წინააღმდეგ კვლავ დრონები გამოიყენა. 24 იანვრის იერიშს სულ ცოტა, ორი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, კომერციული და საცხოვრებელი სახლები კი დაზიანდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მსხვერპლი კიევის რეგიონში იყო. მისივე განცხადებით, თავდასხმისას არაერთი შენობაც დაზიანდა.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აღკვეთა მორიგი იერიში და გაანადგურა 120-მდე დრონი, რომელიც მის მხარეს, ათობით რეგიონში გაუშვა უკრაინამ. მსხვერპლის შესახებ ცნობები რუსულ მედიაში არ გავრცელებულა.
ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მალე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაელაპარაკება და მას ამ თითქმის სამწლიანი ომის დასრულებისკენ უბიძგებს.
“მილიონობით ახალგაზრდის სიცოცხლე იკარგება. ეს ომი საშინელია. უკრაინა მზადაა შეთანხმებისთვის. ეს ომი არც არასდროს უნდა დაწყებულიყო”, – თქვა მან შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისადმი გაკეთებული ვიდეო-მიმართვისას.
დონალდ ტრამპმა მიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო კორპორაციებთან და საუდის არაბეთთანაც იმუშავებს იმაზე, რომ გლობალურად ნავთობზე ფასები შემცირდეს, რაც თავის მხრივ, ომის დასაფინანსებლად, რუსეთის შემოსავლებსაც შეამცირებს.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკაში დიდ სიახლეს ვერ ხედავს და რომ მოსკოვი “ორმხრივ პატივისცემაზე” დაფუძნებული დიალოგისთვის კვლავ მზადაა.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად