რუსეთმა კრივი რიჰში სავაჭრო ცენტრი დაბომბა, დაღუპულია 5 ადამიანი, დაშავებულია 91

რუსეთმა კრივი რიჰში სავაჭრო ცენტრი დაბომბა, დაღუპულია 5 ადამიანი, დაშავებულია 91. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ადგილობრივი ხელისუფლება და პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებენ.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:30 საათზე, რუსებმა ორი დრონით დაარტყეს სავაჭრო ცენტრს კრივი რიჰში.

დნეპროპეტროვსკის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრ განჟას ინფორმაციით, დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 91 დაშავდა. მისი თქმით, დაშავებულთაგან 21 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მათ შორის ერთი ბავშვი.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, სავაჭრო ცენტრზე დარტყმიდან ნახევარ საათში რუსებმა მეორე დარტყმა განახორციელეს ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურებზე.

„რუსებმა კრივი რიჰის ჩვეულებრივ სავაჭრო ცენტრზე აბსოლუტურად ცინიკური და საზიზღარი დარტყმა მიიტანეს. თავდასხმითი დრონები ორ ტალღად მოქმედებდნენ: პირველი დარტყმიდან და ხანძრიდან ნახევარი საათის შემდეგ, მეორე დარტყმა იყო სამაშველო სამსახურებზე…

მსგავსი დარტყმები უბრალოდ ტერორისტული თავდასხმებია. და მსოფლიომ მათ შესაბამისად უნდა უპასუხოს – აგრესორზე რეალური ზეწოლით“, – წერს ზელენსკი.