რუსეთმა არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები დაიწყო
რუსეთმა სამხრეთის სამხედრო ოლქში სარაკეტო შენაერთების წვრთნები დაიწყო, რომლის მიზანიც "არასტრატეგიული [ტაქტიკური] ბირთვული იარაღის მომზადება და გამოყენების საკითხების დამუშავებაა".
გუშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გენერალური შტაბის ხელმძღვანელობით სწავლების პირველი ეტაპი დაიწყო. უწყების ცნობით, სარაკეტო შენაერთები და საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაცია წვრთნებისთვის Искандер-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსებს და Кинжал-ის ტიპის აერობალისტიკურ რაკეტებს გამოიყენებენ.
თავდაცვის სამინისტრომ დაგეგმილი წვრთნების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 6 მაისს გაავრცელა. უწყება აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გენერალურ შტაბს დაავალა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნის ასამაღლებლად სარაკეტო შენაერთების სწავლება ჩაატაროს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ავიაცია და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალები.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ წვრთნები იგეგმებოდა "რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უპირობო უზრუნველყოფისკენ რუსეთის ფედერაციის მიმართ დასავლეთის ცალკეული ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებების და მუქარის პასუხად".
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.