ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი ისევ უკრაინულ ენერგოინფრასტრუქტურას უტევს და კიევზე თავდასხმით იმუქრება

რუსეთი ისევ უკრაინულ ენერგოინფრასტრუქტურას უტევს და კიევზე თავდასხმით იმუქრება

რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე ამ თვეში უკვე მეორე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ხუთშაბათს ღამით ელექტროენერგიის მიწოდება მილიონზე მეტ ადამიანს შეუწყდა როგორც ქვეყნის სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში, ისე - დასავლეთში.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მოსკოვის ეს თავდასხმები კიევის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე პასუხია. მისი თქმით, რუსეთის მომავალ სამიზნეებს შორის შესაძლოა კიევში "გადაწყვეტილების მიღების ცენტრებიც" აღმოჩნდეს. რომელთაც ის თავისი ახალი "ორეშნიკ" ზებგერითი რაკეტით დაარტყამს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი "ამაზრზენ ესკალაციაში" დაადანაშაულა და თქვა, რომ მოსკოვი კასტეტურ ბომბებსა და ფრთოსან რაკეტებს იყენებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსული დაბომბვების შედეგად ინფრასტრუქტურა 9 რეგიონშია დაზიანებული. მოსახლეობა შიშობს, რომ ასეთმა თავდასხმებმა ზამთრის თვეებში, დაბალი ტემპერატურის პირობებში შესაძლოა ელექტროენერგიის ხანგრძლივი დროით გათიშვაც გამოიწვიოს. უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს მარტიდან მოყოლებული უშუალოდ ენერგოინფრასტრუქტურაზე მიმართული მე-11 მასშტაბური იერიში იყო. რუსეთმა უკვე გამოიყვანა მწყობრიდან უკრაინაში ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობის ნახევარი, დააზიანა გამანაწილებელი სისტემა და ოფიციალურ პირებს გრაფიკების შემოღება აიძულა.
ხუთშაბათის თავდასხმისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა 91 რაკეტა და 97 დრონი გამოიყენა. საჰაერო ძალები ამბობს, რომ მათ 79 რაკეტის და 35 დრონის ჩამოგდება შეძლეს. კიევისკენ მიმართული რაკეტებიდან და დრონებიდან კი ყველა ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.