რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ მოამზადა ბრძანების პროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო ზუსტად ადევნოს თვალი მოქალაქეების გადაადგილებას ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ თვითმფრინავებით, მატარებლებით, ავტობუსებითა და წყლის ტრანსპორტით. დოკუმენტის შესახებ იტყობინება გამოცემა „ვიორსტკა“.მგზავრების გადამყვანები და დაჯავშნის სერვისები 2024 წლიდან ისედაც გადასცემენ სახელმწიფოს ცნობებს ბილეთების, მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის, ტრანსპორტის გაგზავნისა თუ გაუქმების შესახებ. სახელმწიფო ბაზებში ინახება ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, პირადი კაბინეტების ლოგინები და პაროლების ჰეშები, IP-მისამართები, ასევე ცნობები იმ ბარათებისა და ანგარიშების შესახებ, რომლებითაც ბილეთების საფასური გადაიხადეს.ეს ყველაფერი შენარჩუნდება, ხოლო ახალი ბრძანება მათ დაავალდებულებს, აცნობონ არა მხოლოდ დაგეგმილი, არამედ ფაქტობრივი მონაცემებიც ყველა მგზავრობის შესახებ, ჩარტერული რეისების ჩათვლით. ავიაგადამყვანებმა 15 წუთის განმავლობაში უნდა განაცხადონ დანიშნულების საბოლოო პუნქტში მგზავრის ჩასვლის შესახებ, საავტომობილო და წყლის ტრანსპორტისთვის კი 30-წუთიანი ვადაა დაწესებული. თითოეულ მგზავრობას ექნება უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც დააკავშირებს კონკრეტული მგზავრის ყველა მოქმედებას – ბილეთის დაჯავშნიდან დანიშნულების პუნქტში გადმოსვლამდე. გარდა ამისა, ავიაკომპანიები გადასცემენ ცნობებს გადაჯდომებისა და ბარგის პარამეტრების შესახებ.„ვიორსტკის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები ცვლილებებს არ უკავშირებენ მობილიზაციის შესაძლო ახალ ტალღას, რადგან ხელისუფლებას ისედაც საკმარისი ინსტრუმენტები აქვს სამხედრო ვალდებულების მქონეთა გასაკონტროლებლად. მათი აზრით, გადამყვანებისთვის ახალი მოთხოვნების წაყენებით რუსი ძალოვნები ცდილობენ მაქსიმალურად გაიადვილონ ოპერატიულ-სამძებრო მუშაობა, რაც – მოქალაქეების ონლაინსაქმიანობასთან მუდმივი წვდომის გათვალისწინებით – ისედაც არ ქმნის განსაკუთრებულ სირთულეებს.



