ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე რეაგირების შესახებ“ რეზოლუციის პროექტის ავტორები, საკომიტეტო განხილვის გადაწევას არ ეთანხმებიან

„რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე რეაგირების შესახებ“ რეზოლუციის პროექტის ავტორები, საკომიტეტო განხილვის გადაწევას არ ეთანხმებიან.
როგორც რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, ეს რეზოლუცია მათ შორის, თამაზ გინტურის მკვლელობასაც მოიცავს და გაურკვეველია მისი განხილვის გადადების მიზეზი.
„აქ საუბარია თამაზ გინტურის მკვლელობაზე ოკუპანტების მიერ და ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გაფართოებაზე. სამწუხაროდ და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი თამაზ გინტურის მკვლელების შესახებ, ჩემთვის გაურკვეველია მიზეზი რატომ არ განვიხილავთ ამ პროექტს. როცა ხდება ოპოზიციის ინიციატივების გადადება და განხილვის გარეშე ხდება ეს ყველაფერი, არ მგონია ადეკვატური იყოს. ჩვენ ჩვენი მოქალაქის მკვლელობაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა აქუბარდიამ.
ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომაზევე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, რომელიც ბიუროს სხდომას თავმჯდომარეობდა აღნიშნა, რომ წარდგენილ დღის წესრიგში არამხოლოდ ოპოზიციის წინადადებების გადადებაზეა საუბარი.
ამასთან, საკითხის განხილვის გადადების მოთხოვნის მიზეზები განმარტა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემაც.
„ეს საგარეო ურთიერთობებს და საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხება. ცხადად ითქვა, რომ ოპოზიციის მხრიდან ინიციირებულ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, ზედმიწევნით ფრთხილები ვართ. საზოგადოებამ იცის მიზეზების შესახებ და ჩვენი პოზიციაც ცნობილია", - განაცხადა სარჯველაძემ.
სარჯველაძის ამ განცხადებას მასა და თეონა აქუბარდიას შორის კამათი მოჰყვა.
„როცა საუბარია ჩვენი მოქალაქის მკვლელობაზე ეს არამხოლოდ საგარეო ფაქტორია, არამედ ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული განზომილების მნიშვნელოვანი ნაწილია", - აღნიშნა აქუბარდიამ.
თავის მხრივ კი სარჯველაძემ განაცხადა, რომ მსგავსი საკითხები ოპოზიციას "ქულების დასაწერად" სჭირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.