რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ საქართველოს მთავრობის ცვლილებას გეგმავს
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებიან, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ СВР-მ საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის.
"რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის პრესბიურო იტყობინება, რომ СВР-ში შემოსული მონაცემები მოწმობს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე, მიაღწიონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის." – წერია განცხადებაში.
СВР თითქოსდა არსებულ გეგმას ჰოლივუდის სცენარს ადარებს. აღსანიშნავია, რომ ტექსტი ოფიციალური განცხადებისთვის ზედმეტად მხატვრული ენითაა დაწერილი.
"ცნობილი გახდა "ჰოლივუდის საუკეთესო ტრადიციებით" შეთხზული სცენარის მთავარი სიუჟეტური ხაზები. თეთრი სახლის თანდაყოლილი ანტირუსული ენთუზიაზმით, დაგეგმილია პროპაგანდისტული კამპანია "სენსაციური გამოაშკარავებებით": საქართველოს ყველა უბედურებაში დამნაშავეა რუსეთი. ამასთან ერთად, აქცენტი გაკეთდება ქართული ოცნებისადმი "პოლიტიკური დამოუკიდებლობის არქონის" ბრალდებებზე, რომელიც "ხომალდ ჯორჯიას" ალისფერი იალქნებით ევროპის სანაპიროდან დაშორებით ემუქრება." – წერია განცხადებაში.
მასალა განახლებადია
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.