ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევა იყო, დროებით დაკეტეს ყაზანის აეროპორტი

უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე. კურსკის ოლქის გუბერნატორ ალექსეი სმირონვის მიერ ტელეგრამ-არხზე დღეს, 10 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში „ლიკვიდირებული და გაუვნებელყოფილია“ 8 უკრაინული დრონი. სმირნოვის თანახმად, ქალაქ სუჯაში და დაბა კორენოვოში დაზიანებულია ორი ადმინისტრაციული შენობა, არავინ დაშავებულა.
უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიების შესახებ იუწყება ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზიც. მისი მტკიცებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში 4 უკრაინული დრონი გაანადგურეს. ეს ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია.
დილის 8 საათისთვის ავიარეისების მიღება და გაგზავნა შეაჩერა თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანის აეროპორტმა. რუსეთის ფედერალურ სააგენტო „როსავიაციას“ ტელეგრამით გავრცელებულ ინფორმაციაში აეროპორტის დროებით, „უსაფრთხოების მიზნით" დაკეტვის მიზეზი არ დაუსახელებია. ამ ზომას, როგორც წესი, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის საფრთხის გამო მიმართავენ.
ყაზანზე დრონებით იერიშის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მაისში თათრეთის ქალაქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე შეტევა იყო.
უკრაინის თავდაცვის ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებად გამოცხადებული აქვთ სამხედრო ობიექტები, სამხედრო მრეწველობის საწარმოები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.