რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

ხანძარი გაჩნდა რუსეთის ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. 3 მარტს, შუაღამის შემდეგ რუსული ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ, რომ ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო. საწარმო კომპანია „ბაშნეფტს“ ეკუთვნის.
საგანგებო სიტუაციების ადგილობრივმა სამსახურმა განაცხადა, რომ „წინასწარი ვერსიით, ხანძარი უკავშირდება ტექნოლოგიურ პროცესს“. ადგილობრივი დროით დილის 9 საათისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ღია წვა ლიკვიდირებულია“. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებულ ჩამონათვალში ბაშკირეთის რესპუბლიკა არ ყოფილა იმ ფედერალურ სუბიექტებს შორის, რომლებზეც, სამინისტროს თანახმად, ღამის განმავლობაში დრონებით შეტევა იყო.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრიი კოვალენკომ 3 მარტს, დილით ტელეგრამზე დაწერა, რომ „უფის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უცნობმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს“.
კოვალენკო ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხანა საწვავით უზრუნველყოფს რუსულ არმიასაც.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა