რუსეთის არმიას 6 კილომეტრი აშორებს დონეცკის ქალაქ მირნოგრადს, რომელშიც 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს
დაახლოებით 20 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ათასი ბავშვი, რჩება დონეცკის რეგიონის ქალაქ მირნოგრადში, რომელსაც რუსეთის არმია უახლოვდება. ამის შესახებ 16 აგვისტოს, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში განაცხადა მირნოგრადის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, იური ტრეტიაკმა. მისივე თქმით, ბევრი მოსახლე ევაკუირებულია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც წასვლაზე უარს ამბობენ.
"სიტუაცია სტაბილურად დაძაბულია. მაგრამ მტერი თანდათან მიიწევს წინ. ახლა ბრძოლის ხაზი ქალაქ მირნოგრადიდან დაახლოებით ექვსი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ხალხი ტოვებს ქალაქს, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს და სიტუაცია მოითხოვს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია, რომლებსაც გადაადგილების პრობლემები აქვთ. თუმცა ბევრიც თავისით მიდის. იმიტომ, რომ მუდმივად ისმის აფეთქებების ხმა, მუდმივად ხდება საარტილერიო დაბომბვა, რომლის ხმა ქალაქის დასახლებაშიც აღწევს“, - განაცხადა ტრეტიაკმა.
დონეცკის ოლქის ქალაქი მირნოგრადი პოკროვსკის რაიონში მდებარეობს. უკრაინული მედიის ცნობით მოწინააღმდეგის ძალები ასვე ცდილობენ ხელთ იგდონ თავად ქალაქი პოკროვსკი, რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელსაც რუსეთის სამხედრო ძალა უკვე 10 კილომეტრში მიუახლოვდა.
ტრეტიაკის თქმით, ადგილობრივი ადმინისტრაცია ცდილობს დაარწმუნოს პოკროვსკის მოსახლეობა, რომ დატოვონ ქალაქი. ამ მიზნით სამხედრო ადმინისტრაციის თანამშრომლები ხალხს ურეკავენ და ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, ხოლო პოლიცია საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, აწარმოებენ მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შემოვლას.
ქალაქი პოკროვსკს დაახლოებით 80 კილომეტრი აშორებს ბახმუტიდან, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი გასული წლის მაისიდან აკონტროლებს. თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქის გარშემო კვლავ ცდილობენ მოწინააღმდეგის შეჩერებას. ერთ-ერთ ამ მიმართულებაზე მოქმედებს საერთაშორისო ქვედანაყოფი "შავი არწივი", რომელმაც 14 აგვისტოს ბრძოლებში ერთი მეომარი დაკარგა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.