რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს
რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს მიმდინარე თვეში დედაქალაქზე განხორციელებული მესამე ბალისტიკური შეტევაა.
„რუსებმა, ზედიზედ მესამედ, დიდი ალბათობით, KN-23 ტიპის ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს და ისევ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა არ მისცეს მტერს მიზნის მიღწევისა და კიევზე დარტყმის საშუალება. წინასწარი მონაცემებით, ბალისტიკური რაკეტები დედაქალაქთან მიახლოებისას განადგურდა“, - აღნიშნავენ დედაქალაქის ადმინისტრაციაში.
ამასთან, რუსებმა, თითქმის სარაკეტო შეტევის პარალელურად, დედაქალაქისკენ დრონები გაუშვეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ყველა მათგანი გაანადგურეს ისე, რომ დრონებმა კიევამდე ვერ მიაღწიეს.
მოგვიანებით, რუსებმა კვლავ შეუტიეს კიევს - რაკეტამ მანევრირება მოახდინა რამდენიმე ზონაში, მაგრამ ის უკრაინელებმა ჩამოაგდეს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიევში ნგრევა არ დაფიქსირებულა და არავინ დაშავებულა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.