რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაბომბვის შედეგად ქალაქის სამ რაიონში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 04:31 საათზე უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ გაავრცელა შეტყობინება ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის შესახებ, რის შემდეგაც კიევში აფეთქებების ხმა გაისმა.
დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ გოლოსეევსკის და პოდოლსკის რაიონებში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
გოლოსეევსკის, პოდოლსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში გაჩენილი ხანძრების შესახებ წერს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოც. ობოლონსკში ხანძარი ინდუსტრიულ ზონაში გაჩნდა, წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია მიმდებარე შენობები. სვიატოშინსკის რაიონში კი ცეცხლი ცხრასართულიანი შენობის სახურავზე გაჩნდა. კლიჩკოს თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქის ობოლონსკის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. დაშავებულებს შორის 9 წლის გოგონაა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, დედაქალაქსა და ოლქში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა ბალისტიკის წინააღმდეგ მოქმედებდა. „აი, ასე სურს პუტინს ომის დასრულება“, – აღნიშნა ერმაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”