რომელ ქვეყანაშია UNESCO-ს მიერ დაცული ყველაზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი?
ქვეყანა, საიდანაც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ყველაზე მეტი ძეგლია ხვდება, იტალიაა - UNESCO-მ 2023/24 წლის სია ახლახან განაახლა, რის შემდეგაც იტალიის კულტურულ ძეგლთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა - ამის შესახებ Statista-ს სტატიაში ვკითხულობთ.
მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იტალიის უახლესი დამატება 800 კმ-იანი Via Appia გახდა, რომელსაც UNESCO “უძველესი რომაელების მიერ აშენებულ მსოფლიოს უძველეს და უმნიშვნელოვანეს გზას” უწოდებს.
ამასთან, 2023 წელს იტალიის გამორჩეული ტურისტული მიმართულება - ვენეცია - განადგურების პირას მყოფი ისტორიული ძეგლების სიის კანდიდატად იყო აღიარებული: ათწლეულზე მეტია, ქალაქის ადმინისტრაციას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ დამცავი ზომების შემუშავებისა და ჭარბი ტურიზმის პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდებენ, რისთვისაც მიმდინარე წელს ვენეციამ ქალაქის ტურისტული მოსაკრებელიც დააწესა. ამის მიუხედავად, ვენეცია კვლავ რჩება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
იტალიის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე მეტი - 60 - ძეგლი ჩინეთშია დაცული. მათგან ორი - პეკინის ცენტრალური ღერძი (გზა, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადის) და ჩრდილოდასავლეთ ნაწილში არსებული ბადაინ-ჯარანის უდაბნო - სიას წელს დაემატა.
რეიტინგში მესამე ადგილს გერმანია იკავებს, რომლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც წელს კიდევ ერთი, 54-ე ძეგლი შეემატა. UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობად შვერინის ციხე შეიყვანა, რომელიც შვერინის ტბის მთავარ კუნძულზე მდებარეობს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების TOP 10 ასე გამოიყურება:
· იტალია - 60
· ჩინეთი - 59
· გერმანია - 54
· საფრანგეთი - 53
· ესპანეთი - 50
· ინდოეთი - 43
· მექსიკა - 35
· დიდი ბრიტანეთი - 35
· რუსეთი - 32
· ირანი - 28
რაც შეეხება საქართველოს, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 4 ქართული ძეგლი ხვდება:
· მცხეთის ისტორიული ძეგლები (1994 წ.)
· გელათის სამონასტრო კომპლექსი (1994 წ.)
· ზემო სვანეთი (1996 წ.)
· კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები (2021 წ.)
bm.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.