რომან გოცირიძე: „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ბიძინა ივანიშვილს ეხება – შესაძლებლობა ეძლევა, ოფშორებში გადამალული ქონება, წილები, აქციები საქართველოში დაუბეგრავად, შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ბიძინა ივანიშვილს ეხება და მას შესაძლებლობა ეძლევა, “ოფშორებში გადამალული ქონება, წილები, აქციები საქართველოში დაუბეგრავად, შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს“.

საუბარია კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფოშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. აღნიშნული პროექტი ასევე ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.

“ამ წუთას, მოულოდნელად, ”ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.

ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობებლად.

ელოდა სანქციებს!

გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ გადაქცევას.

ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს“, – წერს  სოციალურ ქსელში.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, 145 842 ფიზიკურ პირს საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება.

რაც შეეხება ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობისთვის მომზადებულ საგადასახადო ინიციატივას, პროექტის თანახმად, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

“საქართველოში ინვესტიციის დაბანდება ხშირად შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორში) რეგისტრირებული უცხოური საწარმოების მიერ ხორციელდება, რომლებიც საქართველოში შვილობილი საწარმოების მეშვეობით საქმიანობენ, რაც მოიცავს გადასახადისგან თავის არიდების რისკს და ეფექტურ საგადასახადო ადმინისტრირებას უშლის ხელს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადისგან თავის არიდების პრევენციის, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და გადასახადის ადმინისტრირების

გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესს“, – ვკითხულობთ კანონპროექტში.

“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: – პაატა კვიჟინაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ბეჟან წაქაძემ, ზაალ მიქელაძემ, ირაკლი ზარქუამ და გოგი მეშველიანმა წარადგინეს.