რომან გოცირიძე - რუსეთი ღიად ერთვება საარჩევნო პროცესში, მაგრამ არაფერი გამოუვა - ძალიან ღელავს, რომ საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული კოალიციით იცვლება
რუსეთი ღიად ერთვება საარჩევნო პროცესში, მაგრამ არაფერი გამოუვა - ძალიან ღელავს, რომ საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული კოალიციით იცვლება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომ ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ.
გოცირიძის თქმით, რუსეთი იგივე პოლიტიკურ- პროპაგანდულ თეზისებს იმეორებს, რასაც “ქართული ოცნება” ამბობს ევროპასთან დაკავშირებით.
“რუსეთი ერევა ყველა დემოკრატიული ქვეყნის არჩევნებში - ბალკანეთიდან დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებით დამთავრებული. ახლა უნდა ამ არჩევნებშიც ჩაერიოს და საქართველოს ხელისუფლებას სოლიდარობას უცხადებს. იგივე პოლიტიკურ- პროპაგანდულ თეზისებს იმეორებს, რასაც დღეს “ქართული ოცნება” ამბობს ევროპასთან და ჩვენს პარტნიორებთან დაკავშირებით. რუსეთი ღიად ერთვება საარჩევნო პროცესში, მაგრამ არაფერი გამოუვათ. რუსეთი არის დაჩაჩანაკებული, გარიყული ქვეყანა. უკრაინაში აგრესიის შემდეგ ზურგი აქცია მსოფლიომ და არ შესწევს ძალა, რომ აქ გაიმეოროს ის აგენტურული ხერხები, რითაც „ქართული ოცნება“ ერთხელ მოიყვანა ხელისუფლებაში. ძალიან ღელავს რუსეთი, რომ საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული კოალიციით იცვლება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.