ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომან გოცირიძე: ამაზე ბნელი ინტერვიუ, რაც საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარიამ ლაშხმა დასავლურ მედიას მისცა, დიდი ხანია არ მინახავს

"როგორც იქნა განმარტეს, თუ რას ნიშნავს “გლობალური ომის პარტია”. თურმე მასონები და მათი მონათესავე კონსპირაციული ორგანიზაციები ყოფილან.
ამაზე ბნელი ინტერვიუ, რაც საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარიამ ლაშხმა დასავლურ მედიას მისცა, დიდი ხანია არ მინახავს. თანაც მმართველი პარტიის წარმომადგენელია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
წაიკითხეთ ამონარიდები ამ ინტერვიუდან და მიხვდებით, თუ როგორ დეგრადირდა “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის “მენცარული” იდეოლოოგიის წყალობით. “მენცარი” თუ არ გახსოვთ რა იყო, ამას სხვა დროს შეგახსენებთ.
- თქვენმა პრემიერ-მინისტრმა გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა. რა არის გლობალური ომის პარტია?
- ეს არის რაღაც, რაც... გჯერათ მასონების? ფრიმასონების, მაგალითად, ისინი, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ. დღეს მე თვითონ, საგარეო ურთიერთობებში ვარ ჩართული და როცა პარტნიორებთან მაქვს საქმე, ამბობენ, რომ კარგია და კარგად მიდიხართ, მაგრამ არის კიდევ მეორე ხმაც...
- მოიცადეთ, ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ... რას აკეთებენ ფრიმასონები? თქვენი აზრით, ფრიმასონები გლობალური ომით მანიპულირებენ?
- მე პირადად უბრალოდ ვადარებ მათ, ფრიმასონებს, რომლებიც ცალკე მდგომი ძალაა, რომლებსაც პირადულად არ ვიცნობთ.
- და ფრიმასონების გარდა სხვა ვინ?
- მასონების, რომლებსაც გავლენა აქვთ და ვაღიარებთ, რომ, დიახ, აქვთ გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, ამის მსგავსი ძალაა.
- გლობალური ომის პარტიის წევრები მასონების გარდა ვინ არიან?
- ნუ, არ ვიცი...
- თქვენმა პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ ისაუბრა და „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა ევროკავშირისა და აშშ-ს მანიპულირებაში...
- რომლებსაც აქვთ გავლენა, ხომ?!
პიროვნულად არ ვიცი, მაგრამ არის დამატებითი ძალა, რომელსაც ასეთი გავლენა აქვს
- მთელი პატივისცემით, თუ თქვენი პრემიერი ადამიანებს ადანაშაულებს, რომ არის ჩრდილოვანი ორგანიზაცია, რომელიც გლობალური მასშტაბით ომს ამზადებს, რომელსაც გავლენა აქვს ევროკავშირზე, ორგანიზაციაზე, რომელშიც გაწევრიანების იმედი გაქვთ, არ გგონიათ, რომ უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს?
- კი, რა თქმა უნდა და ჩვენ გვყავს მაღალჩინოსნები, რომლებიც... ესეც მათთან შეხმიანების გზაა.
- ვისთან?
- ანუ, მათ ვეხმიანებით, ვინც არიან...
- მაგრამ ვინ არიან? ეს შეთქმულების პოლიტიკას ჰგავს.
- დიახ, შეგვიძლია შეთქმულება დავარქვათ.
- ესე იგი, გჯერათ, რომ ამჟამად შეთქმულება არსებობს, რომელბიც გლობალური ომს ამზადებს ან დასავლეთს აიძულებს, რომ ომში ჩაერთოს?
- ჩვენ ამის მტკიცებულებები ვნახეთ.
- არ არის მართალი, რომ თქვენმა პარტიამ, თქვენი პრემიერი და თქვენი მილიარდერი სპონსორი ამზადებთ ამ შეთქმულებებს გლობალური ომის პარტიის შესახებ, რათა თქვენი ძალაუფლება გაიმყაროთ, თქვენი მოსახლეობა დააკმაყოფილოთ, უთხრათ, რომ ეს ხალხი თქვენს წინააღმდეგაა და ჩვენ მათგან დაგიცავთ? ეს ხომ ადამისდროინდელი ზღაპარია.
- არა.
- არც კი შეგიძლიათ, რომ დაასახელოთ ვინ არიან ეს ადამიანები. ვინ არიან ამ გლობალური ომის პარტიაში? ეს სრულიად გამოგონილს ჰგავს.
- არა, ეს არ არის გამოგონილი. ეს ფაქტებზეა. მტკიცებულებებზეა.
"შეგვეძლო, ამ ინტერვიუდან კიდევ უფრო მეტი გვეჩვენებინა. ძალიან ბევრი გაგებით, გაოგნებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, სჯერა თუ არა მას იმის, რასაც ამბობს, მრავალმხრივ შემაძრწუნებელი იყო". - თქვა გუდალმა." - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის -მარიამ ლაშხი არის საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი.

მარიამს აქვს სახელმწიფო მმართველობაში, კერძო სექტორში, სამოქალაქო საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში 13 წელზე მეტი წარმატებული სამუშაო გამოცდილება.  არის საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი. მარიამი ასევე არის პარლამენტის გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და ეთიკის საბჭოს წევრი.

მარიამ ლაშხი 6 წლის განმავლობაში იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.

მარიამი სამი წლის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიო ბანკში და ჩართული იყო სააგენტოს შექმნის პროცესშიც.

2019 წელს მან მიიღო ჯილდო „ქალი ლიდერი მთავრობაში“ ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის მშენებლობის პროცესში განხორციელებული ძალისხმევისთვის.

მარიამ ლაშხი ასევე მუშაობდა ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების სახელმწიფო მინისტრის აპარატში, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ხდებოდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შემუშავება.

საქსტატში მუშაობდა გეოინფორმაციული სისტემების მთავარ სპეციალისტის პოზიციაზე.

მარიამი ასევე გახლავთ საერთაშორისო ბიზნეს ანგელოზების გაერთიანების სენატორი.

მარიამ ლაშხი არის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ციფრული ეკონომიკის მიმართულებით, აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მაგისტრის ხარისხი და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი. იგი გახლავთ დონალდ რამსფელდის fellow, ფლობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის, ჩარლზის უნივერსიტეტისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტების დიპლომებსა და სერტიფიკატებს, არის DAAD-ს სტიპენდიანტი.

მარიამი მუშაობს პუბლიკაციებსა და სამეცნიერო სტატიებზე საქართველოსა და საერთაშორისო ჟურნალ-გაზეთებში გამოსაქვეყნებლად. მათ შორის არის Forbes Women ის კონტრიბუტორი.

მარიამ ლაშხის ძირითადი კვლევების მიმართულებებია:

ა) ციფრული აბრეშუმის გზა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციების როლი

ბ) ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე საქართველოს ინტეგრირება

გ) სტარტაპების ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

დ) ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობა – FemTech

მარიამი ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში, როგორც სწავლების მეთოდების განვითარებისა და ევროპასთან ჰარმონიზების მიმართულებით, ასევე სამეწარმეო უნარებისა და ქართველი სტარტაპების საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის მიმართულებით. იგი ამჟამად ჩართულია UNICO AI-ს Visegrad-ისა და Henley-ის ბიზნესის სკოლის მიმდინარე საერთაშორისო პროექტებში.

მარიამი კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს  ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის: შესავალი მეწარმეობაში; ინოვაციების მენეჯმენტი და სტარტაპი და ინოვაცია და სამეწარმეო უპირატესობა.

მარიამ ლაშხი ფლობს ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და თურქულ ენებს.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.