ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორ გახდა რუსეთის ბიზნესმენი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი?

ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული პუტინის ახლო გარემოცვასთან და რუსეთის სპეცსამსახურებთან, ამ დრომდე, არ აკეთებს კომენტარს, თუ, ვისი შეთავაზებით და რა მიზნით მოხდა, მისი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშვნა.
თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხიდაშელს 2020-2024 წლებში, მინისტრის მრჩევლის პოზიცია ნამდვილად ეკავა და ხელფასის სახით, ყოველთვიურად, 1000 ლარს იღებდა.
ყოფილმა პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ამჟამად, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად, რუსეთიდან „მნიშვნელოვანი რუქების“ ჩამოტანის გამო დაინიშნა.
"ხიდაშელის რუქების" საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ 2020 წელს, სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელიც „კარტოგრაფების საქმის“ სახელით არის ცნობილი და აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ორი წევრი დააპატიმრა. ამ საქმეს, რომელსაც მესამე სექტორმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, სასამართლო უკვე მესამე წელია იხილავს.
„თუ კი დავით ხიდაშელის ბიოგრაფიას გადავხედავთ, ის ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის სამხედრო მრეწველობასთან, კოსმოსულ თუ კავშირგაბმულობის კომპანიებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გარკვეული ვალდებულებები შეიძლება ჰქონდეს რუსეთის სახელმწიფოს მიმართ“ ანდრო გოცირიძე
ის, რომ დავით ხიდაშელი ჯერ ირაკლი ღარიბაშვილის, შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის დროს, ბოლო ოთხი წლის მანძილზე, თავდაცვის სამინისტროში მრჩეველი იყო, „მთავარმა არხმა“ გაახმაურა.
თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ განაცხადა, რომ ხიდაშელს "საიდუმლო მასალებზე წვდომა არ ჰქონდა" და მასთან ხელშეკრულება მინისტრ ბურჭულაძის შეცვლის შემდეგ, ავტომატურად გაწყდა.
„თუ კი დავით ხიდაშელის ბიოგრაფიას გადავხედავთ, ის ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის სამხედრო მრეწველობასთან, რუსეთის კოსმოსურ ტექნოლოგიებთან, რუსეთის კავშირგაბმულობის კომპანიებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გარკვეული ვალდებულებები შეიძლება ჰქონდეს რუსეთის სახელმწიფოს მიმართ“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ანდრო გოცირიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ვერ ახსნა, რა აუცილებლობა არსებობდა, ხიდაშელისთვის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის ლეგალური სტატუსი მიენიჭებინათ.
„ხელფასი ბუნებრივია მას არ შეიძლება აინტერესებდეს, მისი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. მაშინ სად და რა სტატუსით წარმოადგენდა ის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს? - კითხულობს ანდრო გოცირიძე.
"ჩვენ არ ვიცით, საერთოდ რა ბენეფიტი მიიღო, საქართველომ ხიდაშელის მიერ რუსეთიდან მაგ რუქების ჩამოტანით. უკვე 3-4 წელია ამ რუქების ამბიდან გასული და რეალურად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე, საქართველოს სასარგებლოდ სიტუაცია არ შეცვლილა.
ეს ერთი, და მეორეც, კარტოგრაფიულ და საზღვრის დემარკაციის პროცესებში მონაწილეობას არ სჭირდება თავდაცვის მინისტრის მრჩევლობა, ამის აუცილებლობა არ იყო. კომისიას თუნდაც ექსპერტის სახით შეეძლო მოეწვია ნებისმიერი პიროვნება, ერთჯერადი შრომითი ხელშეკრულებით ან ანაზღაურების გარეშე.
თავდაცვის სამინისტროში მინისტრი მრჩევლის პოზიცია გულისხმობს, სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომის მქონე პირებთან გარკვეულ შეხებას ან იმ პირებთან, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ ქვეყნის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებზე. როდესაც ამ პირებთან მიახლოების ლეგალურ საშუალებას უქმნი უცხო ქვეყანასთან, რბილად რომ ვთქვათ, დაკავშირებულ პიროვნებას, ეს ძალიან გულუბყვილო და გაუფრთხილებელი ნაბიჯია“ - მიაჩნია ანდრო გოცირიძეს.
რა ვიცით დავით ხიდაშელის შესახებ? იგი თბილისში დაიბადა და განათლება საბჭოთა საქართველოში მიიღო. 58 წლის ხიდაშელი, რომელიც ამტკიცებს, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა, პუტინის გარემოცვის წევრის, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ახლო მეგობარი და დიდი ხნის პარტნიორია. ხიდაშელი თავად უკრაინის მიერ არის სანქცირებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.