“როგორც ჩანს, ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან” – ლომჯარია “ოცნებაზე”
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას უკანგაწვევიდან ერთი წლის თავზე კვლავ დააბრუნოს ე.წ. რუსული კანონი, რომელიც საერთაშორისო დონორებისაგან დაფინანსებულ ყველა ორგანიზაციას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციას” უწოდებს და ფინანსური დეკლარაციების შევსებას დაავალდებულებს.
“რატომ დააბრუნეს “რუსული კანონი”?
ქართულ ოცნებას” უნდა “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” დაარქვას ყველას, ვინც საქმის კეთებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ევროპიდან. ასეთ კანონებს რა მოჰყვება, რუსეთის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ თვალნათლივ.
როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში (სტატუსი მოგვანიჭეს, ევრო 2024-ზე გავედით) და ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან.
არავითარი გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის, ყველაფერი ხდება საგადასახადო რეგისტრაციის, საბანკო გადარიცხვების, გადასახადების დეკლარირების და ა.შ. გზით”, – წერს ნინო ლომჯარია.
3 აპრილს, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია რუსული კანონის მიღებას აპირებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.