ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორც მოსალოდნელია, აშშ-ის სენატი მხარს დაუჭერს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს

როგორც მოსალოდნელია, აშშ-ის სენატი მხარს დაუჭერს სამხედრო დახმარების პაკეტს, რომლის მიღება დიდი ხნის განმავლობაში ჭიანურდებოდა. პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დავის შემდეგ მიიღო 20 აპრილს.
როგორც ვარაუდობენ, პაკეტი, რომლითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები უკიდურესად საჭირო დახმარებას მიიღებს, უკვე 23 აპრილს დამტკიცდება სენატში და კვირის ბოლოს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.
სენატში, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა კოლეგა სენატორებს სთხოვა, კანონპროექტი 23 აპრილს მიიღონ „რაც შეიძლება სწრაფად“.
შუმერმა თქვა, რომ კენჭისყრა „ექვსი თვე მზადდებოდა“, და თავის კოლეგებს მოუწოდა, „არცერთი წამი არ ალოდინონ ჩვენი მეგობრები მთელს მსოფლიოში“. ეს განცხადება შუმერმა გააკეთა სამშაბათს სენატის სხდომის გახსნაზე.
სენატის უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა თქვა, რომ მოკავშირეთა დახმარებაში შეფერხებამ გამბედაობა შემატა ამერიკის მოწინააღმდეგეებს - ჩინეთსა და რუსეთს - და დაგმო იზოლაციონიზმი. „დღეს სენატი გამოცდას გადის მთელი ერის სახელით. ეს არის იმის გამოცდა, თუ რამდენად მტკიცეა თავის გადაწყვეტილებებში ამერიკა, რამდენად მზად ვართ და რამდენად გვსურს ლიდერობა,“ თქვა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.