რესპუბლიკურის თანამშრომლებმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე უარი თქვეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე უარი თქვეს. ამის შესახებ მათ დღეს, 26 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადეს.
აქციის გამართვამდე ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მზად იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაემართა და მათ კითხვებზე პირადად ეპასუხა.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, მანამ, სანამ კლინიკის დემონტაჟის შესახებ ბრძანება არ გაუქმდება, მათ მინისტრთან სალაპარაკო არ აქვთ.
„როგორც კი ჩვენ დავაანონსეთ 3 საათზე აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, გუშინ საღამოს ტელევიზიის მეშვეობით შევიტყვეთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი აპირებდა ჩვენთან შეხვედრას და შესახვედრად უნდა მოვსულიყავით 7 ადამიანი. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი – სანამ არ შეჩერდება რეორგანიზაციის ბრძანება, რომელიც გველაპარაკება შანტაჟის ენით და მოსაფიქრებლად დროს გვაძლევს მხოლოდ 5 თებერვლამდე, მანამდე კომპენსაციებზე სასაუბროდ ჯანდაცვის მინისტრს არ შევხვდებით. როდესაც შეწყდება ყოვლად დაუსაბუთებელი ბრძანება რესპუბლიკურის [დემონტაჟზე], სანამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არ დავუბრუნდებით სამუშაო ადგილს, მანამდე ჩვენ სამარცხვინო კომპენსაციებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრთან სალაპარაკო არ გვაქვს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება 22 იანვარს გაასაჯაროვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება.
ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს თანამშრომლებს კომპენსაციის ამგვარი მექანიზმი შესთავაზა:
· ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
· თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით 4 თვის ხელფასს მიიღებს.
· სამედიცინო პერსონალს, რომელიც 12- თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო სხვა სამედიცინო კლინიკაში იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
· სამედიცინო პერსონალს, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურად გადაუხდის სახელფასო ანაზღაურებას.
გადაწყვეტილების მისაღებად რესპუბლიკურის თანამშრომლებს 2-კვირიანი ვადა მისცა.
თუმცა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები არ ენდობიან მთავრობის პირობას, რომ ტერიტორიაზე ახალი, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ვარაუდობენ, რომ ტერიტორია, შესაძლოა, სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ.
გარდა ამისა, მათთვის მიუღებელია, თუნდაც დროებით, სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილების პერსპექტივა. ასევე, ბუნდოვანია, მოახერხებენ თუ არა ახალაშენებულ კლინიკაში დასაქმებას.
უნდობლობის ერთ-ერთ მიზეზად ისინი “უპრეცედენტოდ მაღალ” კომპენსაციას ასახელებენ. ფიქრობენ, რომ სამინისტრო ასეთ კომპენსაციას იმიტომ სთავაზობს, რომ პროტესტი ჩააცხროს და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოუწიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ