რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, კახა გულედანს აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება.
„რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ჩვენ ერთობლივად. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი. კახა გულედანს აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება.
წლების განმავლობაში ის მუშაობდა ჯერ კერძო სექტორში, 2016-2017 წლებში ის იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით, ის იყო სამგორის რაიონის გამგებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. კახა გულედანი დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას. მე მინდა წარმატებები ვუსურვო კახა გულედანს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა