რა ქონებას ფლობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
17 ივნისს ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტს პარტია „ქართული ოცნებიდან“ ახალი დეპუტატი ჰყავს. ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლე ლევან მაჭავარიანი პარლამენტის დეპუტატია 17 აპრილიდან.
დღე, როცა ლევან მაჭავარიანმა სადეპუტატო მანდატი მიიღო, პარლამენტში დაძაბული იყო - ამ დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილებოდა „აგენტების კანონი“, რამაც ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა დედაქალაქის ქუჩებში.
პირველი კანონპროექტი, რამაც ლევან მაჭავარიანის ხმა მიიღო, სწორედ „აგენტების კანონია“ - მან დოკუმენტს მხარი დაუჭირა უფლებამოსულების მინიჭებიდან 5 წუთში ისე, რომ არ ყოფილა ჩართული კანონპროექტის განხილვაში - არ დაუსვამს კითხვა კომიტეტის სხდომაზე და პლენარულ სხდომაზე.
დავუბრუნდეთ მის ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც მან 14 ივნისს შეავსო. ის მარტო ცხოვრობს.
ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ მას გასულ წელს ხელფასი არ აქვს მიღებული, თუმცა მას ეკუთვნის შპს „სეტანტა სპორტის“ 100-პროცენტიანი წილი.
დეპუტატს ეკუთვნის ბინა და ორი ავტოფარეხი თბილისში, ონიაშვილის ქუჩაზე, რომელთა ჯამური ღირებულება მისი ყიდვის მომენტში 150 ათასი დოლარი იყო. მასვე ეკუთვნის ორი ძვირადღირებული საათი Rolex და Hublot, რომელთა ჯამური ღირებულება 22 ათასი დოლარია.
დეკლარაციის შევსების დროს მის საბანკო ანგატიშებზე იყო 200 ათას ლარზე მეტი, ნაღდი ფულის სახით კი ჰქონდა 20 ათასი დოლარი.
დეპუტატი ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტში არნიშნავს, რომ მას გასულ 2023 წელს სესხად გაცემული ნახევარ მილიონ ლარზე მეტი თანხა დაუბრუნეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.