ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 26 გვერდისგან შედგება, ის ფლობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში 2752 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2023 წელს ჩუქებით მიიღო. 2021 წელს ჩუქებით აქვს მიღებული მცხეთაში, სოფელ ქსოვრისში მდებარე 6 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 44 559 კვადრატული მეტრია. 2016 წელს ჩუქებით აქვს მიღებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში 2300 კვ.მ., ხოლო 2016 წელს ჩუქებით მიიღო 497 კვ.მ მიწა თბილისში.
ის ასევე ფლობს რამდენიმე ავტოფარეხს. 2021 წელს ჩუქებით მიიღო ავტოფარეხი ყაზბეგში, სოფელ გუდაურში. თბილისში აქვს 2016 და 2018 წლებში შეძენილი ავტოფარეხები 21000 და 10000 ლარად.
2020 წელს ორი, 59,7 კვ.მ და 34,5 კვ.მ სახლი ჩუქებით აქვს მიღებული თბილისში. ამავე წელს, თბილისში 49,62 კვ.მ სახლი იყიდა 65100 ლარად. 2016 წელს 126000 ლარად იყიდა თბილისში 168,6 კვ.მ სახლი და 388000 ლარად 163,8 კვ.მ ბინა. მის სახელზეა ორი საკუჭნაო და ტექნიკური სათავსო თბილისში.
დეკლარაციაში ასახულია მისი შვილის, იოსებ კირცხალიას სახელზე არსებული ბინა (112,2 კვ.მ) თბილისში, რომელიც 2014 წელს 130000 დოლარადაა შეძენილი, ასევე ბინა სოფელ გუდაურში, რაშიც 45000 დოლარია გადახდილი.
მისი მეუღლე, სალომე ირემაშვილი კი ფლობს მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში და ბინის 50%-ს თბილისში. ორივე შეძენილია 2014 წელს, შესაბამისად 2500 და 20 000 ლარად.
ირაკლი კირცხალია სამ ავტომობილს ფლობს: 2021 წელს 27000 დოლარად იყიდა TOYOTA CAMRY
HYBRID, ასევე ფლობს SKODA SUPERB-ს, 2025 წელს კი შეიძინა LAND ROVER RANGE ROVER, რაშიც 150 000 ევრო გადაიხადა. მისი მეუღლის სახელზეა PORSCHE MACAN S, რომელიც შეძენილია 2019 წელს 30000 დოლარად.
ირაკლი კირცხალიას ნაღდი ფულის სახით აქვს 82 000 დოლარი, ასევე 780 000 ლარის საბანკო დეპოზიტი, საბარათე ანგარიშზე ჰქონდა 5353 ლარი, საკრედიტო ბარათზე ლიმიტის 6848 ლარიანი ათვისება, სადებეტო ბარათზე კი 1335 ლარი.
ის ფლობს რამდენიმე კომპანიას (100%-იან წილს), სადაც წილის მმართველებია დანიშნული. კერძოდ, მის საკუთრებაშია: შპს EPIC DEVELOPMENT, შპს ლაითური აგრო საქართველო, შპს ვისტა მთაწმინდა, შპს ემ ფროფერთი, შპს ევროენი, შპს ჯი დი ფროფერთი.
გასულ წელს ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის წევრის პოზიციაზე 45834 ლარი მიიღო.
დოკუმენტში ასახულია 2024 წელს მოგზაურობაზე გაწეული ხარჯი 6 000 დოლარის და 40 300 ლარის ოდენობით.




