ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა მიზეზით ჭიანურდება ანაკლიის პორტის ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი?

რა მიზეზით ჭიანურდება ანაკლიის პორტის ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი?

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საკითხების დაზუსტება, - ამის შესახებ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს წერილშია აღნიშნული, რომელიც დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხო გამოქვეყნდა.
დეპუტატის კითხვაზე, თუ რა მიზეზით ჭიანურდება კონსორციუმთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, როდესაც ინვესტორი რამდენიმე თვის წინ შეირჩა, მასთან ხელშეკრულება კი ჯერაც არ არის გაფორმებული, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საკითხების დაზუსტების შემდეგ, შესაბამისი ინფორმაცია და რეკომენდაციები წარედგინება შესარჩევ კომისიას.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე შესარჩევ პროცესში 2024 წლის 20 მაისს სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საკითხების დაზუსტება. დაზუსტების ეტაპის დასრულების შემდგომ, განაცხადის შეფასებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია და რეკომენდაციები წარედგინება შესარჩევ კომისიას“, - წერია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს წერილში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი 2024 წლის მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო.
პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.
პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო გემები 2029 წელს უნდა შევიდნენ, პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ის წლიურად 600,000 კონტეინერის გამტარიანობის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.