რა ისწავლა Disney-მ Apple-ისგან?

„ჩვენ დავკარგეთ ფოკუსი“, — ეს ის სიტყვებია, რომლითაც ახლა Disney-ის CEO ბობ აიგერი კომპანიაში არსებულ პრობლემას აღწერს, როცა უპირატესობა რაოდენობას მიანიჭეს და არა, ხარისხს… კონკრეტული ფრაზა კი მანამდე Apple-შიც გაჟღერდა… თუმცა მსგავსი გამოწვევის წინაშე ადრე თუ გვიან ნებისმიერი კომპანია შეიძლება აღმოჩნდეს. ერთი შეხედვით, ბიზნესის სტრატეგიის საერთო შეცდომას ჰგავს, მაგრამ თუ ახლოდანაც შევხედავთ, საქმე ემოციურ ინტელექტშია, უნარში, გავიაზროთ და ვმართოთ ემოციები. ზუსტად ასე მოხდა ჯერ ეფლის, შემდეგ კი დისნეის შემთხვევაში…
და რა უნდა ესწავლა Disney-ს Apple-ისგან?!
მართალია, ბიზნესებს არ აქვს ემოციები, მაგრამ დისნეი, ისევე, როგორც ყველა სხვა კომპანია, ადამიანების მიერ იმართება, რომლებზეც სწორედ ემოციები ზემოქმედებს.
„მარველი ამის შესანიშნავი მაგალითია. სატელევიზიო ბიზნესში დიდად არ იყვნენ წარმოდგენილები, მაგრამ მათ არა მხოლოდ გაზარდეს კინოების რაოდენობა, არამედ მრავალი სატელევიზიო სერიალის გადაღებაც დაასრულეს და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ფოკუსირებასა თუ ყურადღებაზე ცუდად აისახა…“, — აცხადებს აიგერი.
ზუსტად ამგვარ გამოწვევას გადააწყდა ეფლიც 1997 წელს: 12 წლის შემდეგ სტივ ჯობსი პრობლემებით სავსე კომპანიაში დაბრუნდა და იცოდა, რატომ ხდებოდა ასე — საქმე ფოკუსირების ნაკლებობაში იყო, რომ ადამიანები განსხვავებული მიმართულებით მიდიოდნენ. ამიტომ დასვა კითხვები — საითკენ მიდის Apple? რომელი პროდუქტებია მნიშვნელოვანი და რომელი, არა? ამ საკითხების გადაწყვეტით კი, მოკლედ რომ ვთქვათ, ინოვაციური და ხარისხიანი კომპანიის სახელი დაიმკვიდრა.
საინტერესოა ისიც, რომ დროთა განმავლობაში სტივ ჯობსი და ბობ აიგერი დამეგობრდნენ, კონკრეტულად მაშინ, როცა დისნეიმ Pixar შეიძინა, რითაც ჯობსი კომპანიის უმსხვილესი აქციონერიც გახდა… ახლა კი დისნეი ზუსტად ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, უფრო და უფრო მეტი კონტენტის გამოშვებაზე გადაერთნენ, რამაც ხარისხზე მნიშვნელოვნად იმოქმედა, არც ამბები იყო საინტერესო და ვეღარც ემოციურ კავშირს იპოვიდით თითოეულ პერსონაჟთან. თუმცა მათ ეფლის მაგალითი ჰქონდათ, რის გამოც ახლა დისნეიში უკეთესი ამბების მოყოლაზე ფოკუსირდებიან.
რა გაკვეთილის სწავლა შეიძლება აქედან?
პირდაპირ გეტყვით, თუ ყველაფერს ერთად ეცდებით, რომელიღაც მაინც არ გამოგივათ კარგად… არ აქვს მნიშვნელობა, ტექნოლოგიური გიგანტი ხართ თუ პატარა კომპანია. აქ ყველაზე მეტად ემოციური ინტელექტი დაგეხმარებათ, უნარი, რომ მართოთ ემოციები. ფოკუსის დასაბრუნებლად კი, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ და ეს კითხვები დასვით:
· ბიზნესის რომელი ნაწილებია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რომელი, მომხმარებლებისთვის?
· რა არის ბიზნესის ძირითადი მიზნები?
· ამ პროექტის დაწყება ჩემი მიზნების მიღწევაში დამეხმარება თუ, პირიქით?
გახსოვდეთ, ფოკუსის დაკარგვა მარტივია, ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა ამას იგრძნობთ, ზემოთ მოცემულ კითხვებს დაუბრუნდით და პასუხები გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიყენეთ. ისწავლეთ, როდის თქვათ „არა“, პრიორიტეტი მიანიჭეთ ხარისხს და არა, რაოდენობას…