რა ვიცით რუსეთში მომხდარ ტერორისტულ აქტზე
22 მარტს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის წინ, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ამ დროის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 40 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი.
სროლიდან მალევე გავრცელდა თავდასხმის ამსახველი კადრები და ინფორმაცია, აფეთქებების შესახებ, რამაც, ხანძარი გამოიწვია.
მაშინ, როდესაც შენობაში შესაძლოა ჯერ კიდევ იმყოფებოდა 100-მდე ადამიანი, შენობის სახურავმა ჩამონგრევა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად უკვე გაგზავნეს ვერტმფრენები, რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით კი, შენობის სარდაფიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 70-ზე მეტი ბრიგადაა მობილიზებული.
დაახლოებით 10 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდო ტერაქტის ადგილზე რუსეთის ეროვნული გვარდია მივიდა და სპეცრაზმმა საკონცერტო დარბაზის შტურმი დაიწყო. თუმცა, BAZA-ს ინფორმაციით დაახლოებით 4-მა ტერორისტმა გაქცევა მოახერხა.
Mash-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც ორი შეიარაღებული მამაკაცი ჩანს. ტელეგრამ-არხის ცნობით, თავდამსხმელთა რაოდენობა შესაძლოა 5 ყოფილიყო.
მალევე მედიამ გაიხსენა, რომ აშშ-ს საელჩომ კრემლი მოსკოვში შესაძლო ტერაქტებზე სროლამდე ორი კვირით ადრე გააფრთხილა. 3 დღის წინ პუტინმა ამას "პირდაპირი შანტაჟი" უწოდა. "ეს ყველაფერი აშკარა შანტაჟს და ჩვენი საზოგადოების დაშინებისა და დესტაბილიზაციის განზრახვას ჰგავს". - თქვა მაშინ პუტინმა.
ტერაქტს მალევე გამოეხმაურა თეთრი სახლი, რომლის განცხადებითაც არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მოსკოვში საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა ან უკრაინელები იდგნენ. "ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სროლაში უკრაინა ან უკრაინელები იყვნენ ჩართულნი". - უთხრა თეთრი სახლის სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ რეპორტიორებს.
ტერაქტს გამოეხმაურა უკრაინის დაზვერვა, რომელმაც თქვა, რომ მოსკოვში მომხდარი თავდასხმა ვლადიმირ პუტინის გააზრებული პროვოკაციაა. განცხადება გაავრცელა ომში უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმაც და თქვა, რომ "რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში მონაწილეობა ნამდვილად არ მიგვიღია".
გამომძიებელი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის თქმით კი, ტერორისტულ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ФСБ-ს მიერ ISIS-ის ტერორისტების დაკავება მიმდინარეობდა. მანვე არ გამორიცხა, რომ თავდასხმის უკან თავად ФСБ დგას, მიზანი კი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებაა.
ამ დროისთვის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმაზე ტერორიზმის მუხლით საქმე უკვე აღძრა. პარალელურად, მოსკოვსა და პეტერბურგში მიმდინარეობს სავაჭრო ცენტრების ევაკუაცია. ვნუკოვოს, შერემეტევოს, დომოდედოვოს აეროპორტებმა, ასევე რუსეთის რკინიგზამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. მოსკოვში შაბათ-კვირას დაგეგმილი ყველა სპორტული, კულტურული და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიება გაუქმდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.