რა გზავნილი აქვს ოპოზიციას იმ საჯარო მოხელის მიმართ, ვისაც არჩევნების შემდეგ სამსახურის დაკარგვის ეშინია

საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკითა და აღქმებით, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, ხშირად, განიხილებიან როგორც ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას. ასევე, ერთგვარი “გარანტირებული ხმები” მმართველი პარტიისთვის.
ამას ორი მიზეზი აქვს:
· ხელისუფლებას ზეწოლის მეტი ბერკეტი აქვს მათზე, ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს. წლების განმავლობაში, არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როცა საჯარო სამსახურებში ადამიანები ე.წ. პოლიტიკური მიზანშეწონილობით დაუნიშნავთ, დაუწინაურებიათ, გაუთავისუფლებიათ და ა.შ.
· საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ერთგვარი თვითცენზურა – აღქმა, რომ თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებ ხელფასს, აპრიორი მმართველი პარტიის მხარდამჭერი უნდა იყო. ან, მინიმუმ – საჯაროდ არ გამოხატო საწინააღმდეგო პოზიცია.
ცხადია, ეს არ ეხება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ყველა ადამიანს. თუმცა, პრაქტიკაში ამ და მსგავსი შემთხვევების არაერთი მაგალით გვხვდება. სახელმწიფო სამსახურისა და პარტიული ინტერესების ერთმანეთისგან გამიჯვნა ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა საქართველოში.
სწორედ ამიტომ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნაწილი სხვადასხვა საფუძვლით – პირდაპირი ზეწოლის, დავალების, ცრუ მოლოდინების, სამსახურის და სტაბილური შემოსავლის დაკარგვის შიშით, თუ სხვა მიზეზებით, შესაძლოა, ვერ ახერხებდეს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას არჩევნებზე.
“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, რა გზავნილები აქვთ მათთვის ოპოზიციურ პარტიებს, რა გარანტიები შეიძლება ჰქონდეთ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს და ზოგადად, როგორ უნდა დაიცალოს საჯარო სექტორი პარტიული ინტერესებისგან.
ყველა პოლიტიკოსი, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობს, რომ გარდა მათი სიტყვისა, პატიოსანი საჯარო მოხელეებისთვის სამსახურიდან გაშვების ან დევნის საწინააღმდეგო დამზღვევი მექანიზმი იქნება კოალიციური მთავრობის არსებობა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს რესურსი დამოუკიდებლად მოვიდეს მთავრობაში. თუ “ქართული ოცნება” დამარცხდება, მომავალი მთავრობა კოალიციური იქნება.
ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთ პარტიას, რომელიც ბარიერს გადალახავს, არ ექნება საკმარისი ძალაუფლება გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად მისაღებად. მაგალითად ისე, როგორც ეს უნდა “ქართულ ოცნებას”, რომელიც საზოგადოებას მხარდაჭერას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად სთხოვს.
ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ კოალიციური მთავრობის პირობებში შექმნილი ბალანსი შეეხება არა მხოლოდ მთავრობის დაკომპლექტებას, არამედ გავრცელდება უფრო დაბალი რგოლის საჯარო სამსახურებზეც.
თუმცა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, შვეიცარიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევარი ლევან კახიშვილი ფიქრობს, რომ კოალიციური მთავრობა ავტომატურად ვერ დააზღვევს იმ მოლოდინებს, რაც საჯარო სექტორში დასაქმებულებს შეიძლება ჰქონდეთ იმის შესახებ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ისინი დაკარგავენ სამსახურს, ან შეექმნებათ სხვა ტიპის რისკები.
პოლიტოლოგი ამბობს, რომ ის, რაც ყველაზე მეტად აშინებს საჯარო მოხელეს, არის ბუნდოვანება: მათ არ იციან, რა გარანტიები აქვთ და როგორ შეიცვლება მათი მდგომარეობა ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში. ამიტომ პოლიტიკურმა პარტიებმა საჯარო მოხელეებს უნდა შესთავაზონ ცხადი, კონკრეტული და გასაგები გეგმა იმისა, თუ რა ელით არჩევნების შემდეგ.
“ნებისმიერ ადამიანს, საჯარო მოხელე იქნება თუ კერძო სექტორში დასაქმებული, სჭირდება მომავლის გარკვეული გარანტია. მან უნდა იცოდეს, ხვალ რომ გაიღვიძებს სამსახური ისევ ექნება თუ არა. საქართველოში გვაქვს კონტექსტი, როცა საჯარო სექტორი პოლიტიზებულია იმდენად, რომ საჯარო მოხელე არ არის დარწმუნებული, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში შეინარჩუნებს თუ არა სამსახურს. შესაბამისად, მისთვის სტატუსკვო შეიძლება უფრო მისაღები იყოს, ვიდრე მომავალი, როდესაც მან არ იცის, რა მოელის. როდესაც პარტიები მუშაობენ, კამპანიის დაგეგმვა იქნება, გზავნილების შემუშავება, წინასაარჩევნო პროგრამა, ამომრჩეველთან კომუნიკაცია, სწორედ ამ მოცემულობიდან უნდა ამოვიდნენ. მათ უნდა შექმნან ცხადი, ზუსტი, ნათელი მოლოდინი, რა მოხდება არჩევნების შემდეგ. მაგალითად, როგორ ჩაატარებენ საჯარო სექტორის რეფორმას და როგორ მოახერხებენ საჯარო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას პარტიული ინტერესებისგან”, – ამბობს ლევან კახიშვილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.