„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება გაურკვეველი პერიოდი, მით უარესი ჩვენი ეკონომიკისთვის“- როგორია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი

ეკონომისტები და ანალიტიკოსები მოლოდინის რეჟიმში არიან. ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკურ კლიმატს უახლოესი 2 კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები განსაზღვრავს. აცხადებენ, რომ რისკები და გამოწვევები არსებობს, თუმცა რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტორები ეკონომიკაზე ამისი პროგნოზირება ამ ეტაპზე რთულია.
PMCG-ის კვლევითი ცენტრის მკვლევარი გოჩა ქარდავა ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ გაურკვევლობის პერიოდისა და არჩევნების შემდეგ პროცესების დროში გაწელვა ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს.
,,რისკები და გამოწვევები რა თქმა უნდა არსებობს. მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე არის არჩევნების შედეგების აღიარება, ახალი მთავრობის ფორმირება და თუ როგორ შეძლებს ახალი მთავრობა საქმეს შეუდგეს. თუ ეს პროცესი მნიშვნელოვნად გაიწელება, ეს უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკაზე. ლარზე გავლენას უკვე ვხედავთ. ბოლო პერიოდში ინვესტიციები ისედაც შემცირებული იყო. მოლოდინებიც უფრო უარყოფითი იყო. შესაბამისად, ეს ყველაფერი და ეს რისკები საბოლოოდ რეალიზდება თუ ეს პროცესი ძალიან გაიწელება. ეკონომიკურ ზრდაზე ეს ყველაფერი უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა რამდენად საშიში იქნება ეს უარყოფითი გავლენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დროით გაიწელება ეს ყველაფერი და პროცესები როგორ წავა.’’- განმარტავს გოჩა ქარდავა.
PMCG-ის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსს ვკითხეთ, რა გავლენას მოახდენს პროტესტი და აქციები ქვეყნის ეკონომიკაზე. გოჩა ქარდავა განმარტავს, რომ აქაც მნიშვნელოვანია რა პერიოდს მოიცავს აქციები და როგორ სახეს მიიღებს ის.
,,როდესაც ქვეყანაში არის მასობრივი პროტესტი, ეს რა თქმა უნდა უარყოფითად იმოქმედებს. თუმცა, მთავარი იქნება ხანგრძლივობა, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი და რამდენად მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება ყველაფერი. თუ პროტესტი გადაიზრდება არეულობაში, ეს ცალსახად ძალიან უარყოფითი იქნება. პროტესტების გავლენა დამოკიდებული იქნება მის ხანგრძლივობაზე და რამდენად ხელს შეუშლის ძირითად ეკონომიკურ აქტორებს თავიანთი როლის შესრულებაში.’’- აცხადებს გოჩა ქარდავა.
ბიზნესი ისევ მოლოდინისა და დაკვირვების რეჟიმშია. ამ პერიოდში ისინი ინვესტიციების განხორციელებისგან თავს იკავებენ. გოჩა ქარდავა განმარტავს, რომ ინვესტიციების განხორციელების დაპაუზება ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა თუ ბიზნესმა ინვესტიციების განხორციელება გადაიფიქრა ეს მტკივნეულად აისახება ეკონომიკაზე.
,,როდესაც ბიზნესი ამბობს, რომ ელოდება არჩევნების შედეგს აქ აპრიორი არ იგულისხმება უშუალოდ ის შედეგი, რასაც გამოაქვეყნებს კომისია. აქ იგულისხმება რამდენიმე ეტაპი. ერთი არის არჩევნების მიმდინარეობა, შემდეგ შედეგები, ამ შედეგების აღიარება და ახალი მთავრობის მიერ საქმიანობის დაწყება. შესაბამისად, ამ პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილია ჯერჯერობით დასრულებული. ასე, რომ დანარჩენ ნაწილზეც იქნება მათი (ბიზნესის) შემდგომი ნაბიჯები. სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება ლოგიკურია, რომ არც ერთ ინვესტორს არ უღირს ინვესტიციების გაზრდა. ამიტომ, ინვესტიციების ნაწილი გადავადდება. რაც შედარებით უმტკივნეულოა. თუ ბიზნესები გადაწყვეტენ, რომ უბრალოდ ინვესტიციები არ ჩადონ ეს ყველაზე ცუდი სცენარი იქნება.’’- აცხადებს PMCG-ის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.