რატომ ჭიანურდება "საჯარო შესყიდვების შესახებ" კანონის ამოქმედება? - ირაკლი აბესაძის ანალიზი

პარლამენტის მიერ 2023 წელს დამტკიცებული კანონი "საჯარო შესყიდვების შესახებ", რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, ორი წლით გადავადდა. მიზეზად ის ასამდე შენიშვნა და კომენტარი დასახელდა, რომელიც კანონთან მიმართებით ევროსტრუქტურებს ჰქონდათ.
"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" ხელმძღვანელი, ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ის ორი წელი, რომელიც კანონის იმპლემენტაციამდე მოსამზადებელი ვადა იყო, ვერ გამოიყენა და არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ არც დამატებით 2 წელია რეფორმისთვის გონივრული ვადა - ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა.
"2023 წლის თებერვალში იქნა მიღებული საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი. თუ მაშინდელ განმარტებით ბარათს ჩავხედავთ, მითითებულია, რომ კანონის მთავარი მიზანი იყო ევროკავშირის პროცედურებთან და სტანდარტებთან დაახლოება და მათი საქართველოში დანერგვა იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაზრდილიყო სახელმწიფო შესყიდვებში როგორც თანხის ხარჯვის ეფექტიანობა, ასევე შესასყიდი საქონლის და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა. თუმცა კანონის მიღებიდან 2 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობა ახალ განმარტებით ბარათში თავად გვიწერს, რომ რეფორმა არის არასრულყოფილი და ნაჩქარევად გატარებული და თუკი ეს კანონი 1 იანვრიდან შევა ძალაში, ამით მნიშვნელოვნად დავაზარალებთ "კეთილსინდისიერ" ეკონომიკურ აგენტებსა, ასევე სახელმწიფოს და საზოგადოებრივ ინტერესებსო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.