11 თვეში 3 სარჩელი და 5 პარტია – “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ თანდათან გაზარდა იმ ოპოზიციური პარტიების სია, რომელთა აკრძალვასაც ითხოვს. ყოველი ახალი სარჩელის განხილვისთვის 9-თვიანი ვადის ხელახალი ათვლა იწყება. ავტორები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პროცესს იანვრისთვის დაასრულებს.
სექტემბერში შეტანილი ბოლო სარჩელის სიაში მოხვდნენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველო – ლელო”, “ფედერალისტური პარტია” [„ფედერალისტები“], “გახარია საქართველოსთვის”.
დემოკრატიულ ქვეყნებში არ იძებნება ხუთი პარტიის ერთბაშად აკრძალვის პრეცედენტი.
ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის – ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო დაპირება იყო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმთავითვე გაცხადებული მიზნით – ველის მოსუფთავება ახალი პოლიტიკური ძალებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელ(ებ)ი ეყრდნობა მთელ რიგ ბრალდებებს, რომლებიც სასამართლოს მიერ დადასტურებული არ არის. ავტორები არგუმენტებს ძირითადად “წულუკიანის კომისიის” სახელით ცნობილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე აფუძნებენ.
სარჩელში, „არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე“ უარის თქმა შეფასებულია საბოტაჟად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
როგორ მოხვდა სარჩელში “გახარია საქართველოსთვის”
“ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სარჩელს ერთი წლის შემდეგ დაამატა.
თავდაპირველად, “გახარიას საქართველოსთვის” ოპოზიციური პარტიების მიერ არალეგიტიმურად აღიარებულ სადავო პარლამენტში შესვლამ იხსნა – 2026 წლის ოქტომბერში, ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ. პარტიის 12 დეპუტატი “ქართული ოცნების” სიით გასულთა 89-წევრიან შემადგენლობას შეუერთდა. ეს მოხდა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე “ქართული ოცნების” დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სარჩელით მიმართავდნენ.
„სამართლებრივად დაიძვრინეს თავი“ – ამბობდა მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
“პოლიტიკური პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობას“, – აღნიშნავდა “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე.
2026 წლის სექტემბერში ვითარება შეიცვალა – პარლამენტში შესვლა არასაკმარისად ჩაითვალა.
“ერთი საპარლამენტო სესია არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ და საზოგადოებამაც ამოიკითხოს რეალური მოტივი – თუ რატომ შემოდის კონკრეტული ძალა პარლამენტში. ეს რეალურად იმავე მოტივებით და ქვენაგრძნობებით იყო ნაკარნახები, რომლითაც მოქმედებდნენ გარე რადიკალური დაჯგუფებები”, – უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის – თორნიკე ჭეიშვილის ლოგიკით, გახარიას პარტია, როგორც “შედარებით უფრო კონსტრუქციული ნაწილი” პარლამენტში “კურატორების თუ პატრონების” გეგმით შევიდა, ხოლო ამავე გეგმით – „მეორე მხარე დატოვეს ქუჩაში”. განცხადება სახელისუფლებო “რუსთავი 2”-ის ეთერში გაკეთდა – 21 სექტემბერს, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის დღეს, ჭეიშვილი მონაწილეობდა დებატებში სახელწოდებით –“კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში”.
“მივეცით მათ [გახარიას პარტიის დეპუტატებს] შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, ეღიარებინათ კონსტიტუციური წესრიგი. თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა. არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია, არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში“, – თქვა იმავე დღეს, ჟურნალისტებთან საუბარში შალვა პაპუაშვილმა, სარჩელში ახალი პარტიის ჩამატების შესახებ.
სარჩელში “ანტიკონსტიტუციურად” არიან მოხსენიებული ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც “ქართული ოცნების” ლიდერები, უკვე დიდი ხანია, “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას” უწოდებენ. ეს ტერმინი სარჩელის ტექსტში არ გვხვდება.
რა წერია (ბოლო) სარჩელში?
„ვინაიდან ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ვითხოვთ, შემდეგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად, აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტიები და გაუქმდეს მათი რეგისტრაცია“, – მოთხოვნის ტექსტი უცვლელია როგორც პირველ, ასევე ყოველ მომდევნო განახლებულ სარჩელში.
იცვლება და იზრდება – ასაკრძალი პოლიტიკური ძალების ჩამონათვალი.
- საკონსტიტუციო სასამართლოში პირველი სარჩელი 2025 წლის ოქტომბერში შევიდა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვისა” და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის მიზნით;
- 2026 წლის აპრილში სარჩელი განახლდა – სიას ფედერალისტური პარტია – „ფედერალისტები“ დაამატეს;
- 2026 წლის 21 სექტემბერს სასამართლოში შევიდა კიდევ ერთ ახალი სარჩელი – სიას ამჯერად გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტია “საქართველოსთვისაც” შეიტანეს.“გახარია საქართველოსთვის” “ქართული ოცნების” რეალურ მოტივად “განსხვავებული აზრის განადგურებას” მიიჩნევს.
“ბუნებაში ვერ იარსებებს სამართლებრივი არგუმენტი პარტიაზე, რომელიც ყველა კონსტიტუციურ პროცესში მონაწილეობდა/მონაწილეობს – ყველა არჩევნებში, ყველა კონსტიტუციურ ორგანოში წარმოდგენილია, პარლამენტში, საკრებულოებში და მისი იდეოლოგია და საქმიანობა სრულად, დეკლარირებულად ემიჯნება რაიმე ფორმით არაკონსტიტუციურ და ძალადობრივ ქმედებებს”, – სარჩელს აბსურდულსა და არაკონსტიტუციურს უწოდებს პარტიის აღმასრულებელი მდივანი – ბერდია სიჭინავა. მისი თქმით, “პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური აკრძალვა ის სახრჩობელაა, რომელზეც „ოცნება“ თავად ავიდა, თავად გაყო ამ ყულფში თავი და მისი პოლიტიკური სხეულიც ზედ ჩამოეკიდება, თუკი ამ სიგიჟეს საბოლოოდ რეალობად აქცევს”.




