რატომ დააბანდა Tether-მა $10 მილიონი CityPay.io-ში? - პაოლო არდოინოს განმარტება
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, კრიპტოგადახდების მიმართულებით წამყვანმა ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, CityPay.io-მ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინის, USDT-ის ემიტენტი, ანუ გამომშვები კომპანიისგან, Tether-ისგან, დამატებითი, $10 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. როგორც კომპანიის მიერ იმ დროს გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, Tether-ისგან მოზიდული დამატებითი კაპიტალით, CityPay.io საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კერძოდ უზბეკეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაფართოებას განაგრძობს.
რა ინტერესს ხედავს საქართველოში ინვესტირებით Tether-ი? ამ კითხვაზე TECH INFORM-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში Tether-ის გენერალურმა დირექტორმა და კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა, პაოლო არდოინომ უპასუხა. როგორც არდოინო ამბობს, ქვეყანაში ინვესტირება კომპანიისთვის კომფორტულია, რადგან CityPay.io, მისი თქმით, ის კომპანიაა, რომელსაც რეგიონში გაფართოების სტრატეგიის აღსრულება შეუძლია.
“საქართველოში წყლის ტემპერატურის მოსინჯვა გასულ წელს დავიწყეთ, როცა CityPay.io-ში პირველი ინვესტიცია განვახორციელეთ. წლევანდელი ინვესტიცია უფრო მასშტაბურია, რადგან გვჯერა, რომ CityPay.io-ს შეუძლია, საქართველოდან მთელ დსთ-ს რეგიონში გაფართოვდეს და ციფრული გადახდების ყველაზე მნიშვნელოვან მიმწოდებლად იქცეს ამ რეგიონის ქვეყნებში. გაფართოებას, ცხადია, კაპიტალი სჭირდება, რადგან აქტივები უნდა შეიძინო და ადამიანები დაიქირავო. გვჯერა, რომ CityPay.io-ს დამფუძნებლები ჩვენს ხედვას იზიარებენ. ისინი საქმეს აღასრულებენ, მაგრამ თან თავმდაბლები და ჭკვიანები არიან და შეუძლიათ, რომ კომპანია მდგრადად გაზარდონ. ეს ოპერაციებზე კონტროლის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა პაოლო არდოინომ TECH INFORM-თან საუბრისას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.