რატომ აშინებთ სოხუმში “აგენტებზე” კანონი საქართველოში
ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი
სოხუმში მსჯელობენ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფხაზეთზე
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში აფხაზებს ასე ყურადღებით ჯერ არ მიუდევნებიათ თვალყური საქართველოში მიმდინარე მოვლენებისთვის, როგორც ახლა. თბილისში მესამე მოსმენით მიღებულ კანონს უცხოური აგენტების შესახებ, სოხუმში სრულიად ცალსახა რეაქცია მოჰყვა.
“საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას პროდასავლური ლიბერალური პოლიტიკის ავლით”, – დაახლოებით ასე აფასებენ სიტუაციას აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ის, რომ მსგავსი კანონპროექტი აფხაზეთის პარლამენტშიცაა შესული, თბილისში მიმდინარე ამბები აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესს ორმაგად ზრდის.
აფხაზი პოლიტიკური დამკვირვებელი ინალ ხაშიგი მიიჩნევს, რომ ვითარება, როდესაც “კანონი უცხოელი აგენტების შესახებ” მიიღეს საქართველოში და ჯერ კიდევ არ მიღებული აფხაზეთში, შესაძლოა, აფხაზეთის სასარგებლოდ იქნას გამოყენებული.
“30 წელია დასავლეთი საქართველოს პოზიციიდან გვიყურებს. თქვეს, რომ ჩვენ ოკუპირებულები ვართ, ახლა კი, აფხაზეთის მხრიდან დაჟინება, არ მიიღონ ეს კანონი, მეტყველებს მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარსა და ჩვენი ოკუპაციის საეჭვოობაზე”, – ამბობს ხაშიგი.
ამავე დროს, ექსპერტი არსებული სიტუაციის ნაკლოვანებაზე მიუთითებს – პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს გამო, შესაძლოა დასავლეთი მთლიანად რეგიონს დააშორდეს. თუ ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციები ტოვებენ საქართველოს, მაშინ ისინი ტოვებენ აფხაზეთსაც, რადგან მთელი თანამშრომლობა თბილისის ოფისებიდან მიმდინარეობდა. თუმცა აფხაზეთში ყველა არ იზიარებს ამ პესიმისტურ შეხედულებას.
პოლიტოლოგი ასტამურ ტანიას განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება შეეცდება, რაც შეიძლება დიდხანს იჯდეს ორ სკამზე.
“აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ეყრდნობა მოსახლეობის კონსერვატიულ ფენებს და ცდილობს პოლიტიკური სივრცის გასუფთავებას ლიბერალებისგან, დასავლური მოდერნისტული შეხედულებების მქონე ადამიანებისგან. ისინი ამით ცდილობენ შეინარჩუნონ ხელისუფლებაში ყოფნა. რა თქმა უნდა, ამის უკან შეიძლება სხვადასხვა იდეოლოგიური საფუძვლები არსებობდეს, მაგრამ ზოგადად, ვფიქრობ, რომ თბილისი გააგრძელებს მანევრირებას მოსკოვსა და დასავლეთს შორის, გზას არცერთ მხარეს არ მოიჭრის. ამასთან, შეეცდება მაქსიმალური სარგებელი მიიღოს” – ამბობს ასტამურ ტანია.
რაც შეეხება თეორიას, რომ რუსეთი იყენებს აფხაზეთს კრემლისადმი საქართველოს ლოიალობის საფასურად და მზადაა დათმოს იგი როგორც ფართო ავტონომია, აქ აზრები განსხვავებულია.
ინალ ხაშიგი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციასა და რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მიმდინარე პროცესები იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს დიდი ხანია აფხაზეთი “კოზირად” უჭირავს, რომ საჭირო დროს გაცვლის წარმოება შეძლოს. ასე იყო 2008 წელს და ეს შეიძლება მოხდეს 2025 წელს, როდესაც არჩევნები ჩატარდება, როგორც საქართველოში, ასევე აფხაზეთში.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის მზად ევროპული გზა საეჭვო მდგრადობის მქონე რეგიონში, ანუ აფხაზეთში გაცვალოს. მას შეუძლია იმოქმედოს ისე, როგორც ეს სომხეთმა გააკეთა – მიატოვოს ყარაბაღი, კრემლისგან ფარდობითი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ.
“ქართველები რუსოფობები არიან, – ამბობს სოხუმის მკვიდრი ჩვენთან საუბარში, – ეს ერთადერთი იმედია. ვფიქრობ, რუსეთთან დათმობაზე არ წავლენ, თუნდაც ვერცხლის ლანგარით მიართვან ჩვენი თავი. 30 წელია ისინი გადაგვეჩვივნენ. გაიზარდა თაობა, რომელსაც არ ახსოვს, რა არის აფხაზეთი, მაგრამ აფასებს თავისუფლებას და კანონს. ეს მათ რუსეთში დიდი ალბათობით არ ელოდებათ. მათ ესმით, რომ მხოლოდ ოლიგარქები იცხოვრებენ კარგად. ჩვენთვის კი ყველაზე ხელსაყრელი პოზიცია ისეთივეა, როგორიც ამჟამად – არც მარცხნივ და არც მარჯვნივ”.
ამჟამად აფხაზეთი ელოდება, როგორ დასრულდება სახალხო კრებაში “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონპროექტის განხილვა. მაგრამ განხილვა ჯერ არც კი დაწყებულა. დეპუტატები ყველანაირად ცდილობენ დააყოვნონ მისი განხილვა, თუნდაც კომიტეტის სხდომაზე.
ასტამურ ტანიას თქმით, ახლა პარლამენტის იმედი აქვთ, სადაც ხელისუფლებას უმრავლესობა არ ჰყავს. მაჟორიტარული სისტემა არასდროს ყოფილა ასეთი მომგებიანი დემოკრატიული პროცესებისთვის.
“ჩვენი პარლამენტი, უკანასკნელ ხანებში დამოუკიდებლობას აჩვენებს. აშკარაა, რომ არც პრეზიდენტს და არც პრემიერს, არ გააჩნიათ საპარლამენტო უმრავლესობის გაკონტროლების ბერკეტები და ეს იძლევა იმედს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ნამდვილად ხალხის მიერ იქნება მიღებული,” – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
ტანია ასევე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციამ უნდა შეიმუშაოს პოზიცია აფხაზეთის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ. მაგრამ ამ დროისთვის არცერთი პოლიტიკური ძალა აფხაზეთში, არ ავლენს პრინციპულ დამოკიდებულებას რომელიმე ამ საკითხთან დაკავშირებით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.