რას აშენებდა „არქი“ ვაშლიჯვარში, სადაც მეწყრული კერები გააქტიურდა - პროექტის და გეოლოგიური დასკვნის დეტალები
თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ახალი მეწყრული კერის გააქტიურების შესახებ ინფორმაცია გუშინ მოქალაქეებმა გაავრცელეს და დრონით გადაღებული კადრები გამოაქვეყნეს. ადგილობრივების თქმით, იქ, სადაც მიწა დასკდა და ნაპრალები გაჩნდა, ბროწეულისა და იასამნის ქუჩების კვეთაზე სამშენებლო კომპანია „არქი“ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავდა.
მოქალაქეების ინფორმაციით, ეჭვი ამ ტერიტორიის უსაფრთხოების შესახებ მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კომპანიამ მოულოდნელად სამშენებლო სამუშაოები შეწყვიტა და ტერიტორიიდან ტექნიკა გაიყვანა.
„უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები, როცა წვიმა და ქარი არ აღელვებდათ [მანამდე], გაიყვანეს ტექნიკა, [ადგილობრივებმა] დაინახეს, რომ უკან ზიდავდნენ მიწას, რასაც კამაზებით ეზიდებოდნენ გადასაყრელად....საეჭვოდ მივიჩნიეთ მაცხოვრებლებმა და დრონით გადავიღეთ ეს კადრები“, - წერდა ადგილობრივი.
ბროწეულის ქუჩის N5-ში მდებარე ტერიტორიის მესაკუთრე შპს „გელოვანი დიველოფმენთია“, მშენებლობას კი დეველოპერული კომპანია „არქი“ ახორციელებდა, რომელმაც 13-სართულიანი კორპუსის ასაშენებლად ნებართვა თბილისის მერიიდან 2024 წლის აპრილში მიიღო.
„საპროექტო შენობა ჯამში 16- სართულისგან. აქედან 3 სართული არის პარკინგის, ხოლო დანარჩენ სართულებზე საცხოვრებელ ბინებს უკავიათ. ფასადები მოპირკეთდება ნაწილობრივ მაღალი ესთეტიური ღირებულების და ძლიერი ხანმედეგობის მქონე კომპაქტ ლამინატის (HPL) ფილებით, ნაწილობრივ გაილესება მიუნჰენური ლესვით. აგრეთვე აივნების ნაწილი მოპირკეთდება მაღალი ესთეტიური ღირებულების და ძლიერი ხანმედეგობის მქონე კომპაქტ ლამინატის (HPL) ფილებით, ნაწილობრივ გამოვიყენებთ ლითონის მილკვადრატის პროფილს. შენობის კონსტრუქცია რკინაბეტონის კარკასისაა, გარე კედლებისათვის გამოყენებულია იტონგის ბლოკი“, - წერია ანებართვის მისაღებად მერიის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ განმარტებით ბარათში.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად 6 838 კვადრატული მეტრის მიწაა გამოყოფილი, მშენებლობის ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 26 აპრილი - 2028 წლის 26 აპრილი.
„არქის“ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, „არქი ვაშლიჯვარი“ მოიცავს 208 ბინას.
„არქის ახალი, თანამედროვე პროექტი არქი ვაშლიჯვარი მშვიდ და გამწვანებულ ადგილას, ბროწეულის ქუჩაზე მდებარეობს. 13-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დახვეწილი ექსტერიერით გამოირჩევა და მისი ბინებიდან პანორამული ხედები იშლება. არქი ვაშლიჯვარი მოიცავს 208 ბინას, დახურულ ავტოსადგომს, გენერატორსა და წყლის რეზერვუარს, რაც ელექტროენერგიისა და წყლის უწყვეტად მიწოდებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია პროექტის აღწერაში.
სამშენებლო ნებართვისთვის თბილისის მერიაში წარდგენილ გეოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს ტერიტორია, რომელიც კორპუსის მშენებლობისთვის არის განსაზღვრული, გეოლოგიურად მაღალი და საშუალო რისკის არეალებს აერთიანებს.
გეოლოგიურ დასკვნაში ლაპარაკია ასევე, რომ „ტერიტორიაზე ცალკეულ ადგილებში გამოიყოფა გეოლოგიური საშიშროების საშუალო და მაღალი რისკის არეალები, ასევე მოსალოდნელია ხევის მხრიდან ღვარცოფული ნაკადების მოქმედება“.
გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ ღვარცოფული ნაკადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ბეტონის კოლექტორში მოქცევა და შემაკავებელი ნაგებობების მოწყობა, ფერდობზე კი უნდა შემცირდეს ამძრავი ძალები და მოეწყოს საყრდენი კედლები, შემაკავებელი ხიმინჯები და სვეტები, ანკერები.
თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ ვაშლიჯვარში, ბროწეულას ქუჩაზე, სადაც კორპუსი შენდებოდა, ბზარები გაჩნდა და სამუშაოები შეჩერებულია. უწყებაში ამბობენ, რომ დამკვეთს დამატებითი კვლევების წარდგენა დაევალა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.