ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რასა იუკნევიჩიენე - ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას იმაზე უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე ეს კრემლმა რუსეთში გააკეთა

რასა იუკნევიჩიენე - ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას იმაზე უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე ეს კრემლმა რუსეთში გააკეთა

ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას იმაზე უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე ეს კრემლმა რუსეთში გააკეთა, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
„მზია ამაღლობელს ახლახან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს მხოლოდ შესანიშნავი ჟურნალისტის პოლიტიკური დევნა არ არის. მზია ევროპული მომავლისთვის საქართველოს ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას იმაზე უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე ეს კრემლმა რუსეთში გააკეთა“, - წერს რასა იუკნევიჩიენე X-ზე.
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ “სისხლის სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.
მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-იდან 7-წლამდე ვადით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.